ბათუმი

სულიწმიდის სახ. ეკლესია

გოგებაშვილის ქ. 60ა, 6000 ბათუმი

 

ღვთისმსახურება

წმიდა წირვა

  • კვირას - 17:00 სთ. (ზაფხული)
               - 16:00 სთ. (ზამთარი)

საკონტაქტო მისამართი

წინამძღვარი
მ. გაბრიელე ბრაგანტინი - მობ.: +995 599 539 744

 

ადგილმდებარეობა

ქალაქის შემოსასვლელში (პორტთან ახლოს).

 

ისტორია

კათოლიკეები ბათუმში ძველთაგანვე მრავლად ცხოვრობდნენ. მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევრამდე აქ მხოლოდ ერთი კათოლიკური ეკლესია იყო. ამ შენობაში დღეს ბავშვთა ჭიდაობის სპორტული სკოლაა. ეს ეკლესია სომხური წესის კათოლიკეთა სამლოცველო იყო.

რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად, აჭარის დედასამშობლოსთან შეერთებულის შემდეგ, ბათუმის ოლქში ქართველ კათოლიკეთა რიცხვი რამდენიმე ათასამდე გაიზარდა. გაიყვანეს სამხედრო გზა და ბათუმი აჭარის მხრიდან ახალციხესაც დაუკავშირდა.

როგორც ევროპასთან და კონსტანტინოპოლთან დაკავშირებელი მნიშვნელოვან საპორტო ქალაქში, ბათუმში აქტიურად ფუნქციონირებდა ქართველ კათოლიკეთა ღმრთისმშობლის უმანკოდ ჩასახვის მონასტერი. იგი გულმხურვალე მამულიშვილის პეტრე ხარისჭარიშვილის მიერ იყო დაარსებული. ყოველივე ამან გამოიწვია ქართველი კათოლიკეების სწრაფვა ბათუმისკენ. იმ დროისათვის ის საქართველოს ერთადერთი ევროპული ქალაქი იყო და ქართველი კათოლიკეები აქ ვაჭრობასა და ხელოსნობას მისდევდნენ.

ყველა ქართველი კათოლიკე ლათინურ წესს მიეკუთვნებოდა. მრევლის ზრდამ დღის წესრიგში ახალი ტაძრის მშენებლობის საკითხი დასვა. ამ დროს ბათუმში მრავლად იყო ევროპის კათოლიკური ქვეყნების საკონსულოები. ბათუმის ლათინ კათოლიკეთა მოძღვარმა, მამა ანსელმო მღებრიშვილმა საკონსულოთა დახმარებით რუსეთის იმპერატორისაგან ეკლესიის მშენებლობის ნებართვა მიიღო. ეკლესიისათვის ადგილის ნაწილი ქალაქის თვითმმართველობამ გამოჰყო, ნაწილი კი მრევლის მიერ შემოწირული ხარჯებით შეიძინეს. ეკლესიის საძირკველი ჩაუყარეს 1897 წლის 12 აპრილს. ტაძარი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მარიამის სახელობაზე აიგო. მისი მშენებლობა მთლიანად დააფინანსა ქართველმა კათოლიკე ნავთობმრეწველმა სტეფანე ზუბალაშვილმა. ეს ტაძარი მან მშობლებისა და დების სულის საოხად ააგო. მანვე შესწირა ორი მშვენიერი ზარი. მშენებლობა 1902 წლის ივნისში დასრულდა. ის 1903 წელს ტაძარი ეპისკოპოსმა როპმა აკურთხა. სტეფანე ზუბალაშვილთან ერთად ტაძრის მშენებლობაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის მამა ანსელმო მღებრიშვილს. მშენებლობის მთელმა სიმძიმემ მის მხრებზე გადაიარა. მძიმე ავადმყოფობის გამო მამა ანსელმო მღებრიშვილი ტაძრის კურთხევას ვერ დაესწრო.

ბათუმის ღმრთისმშობლის კათოლიკურ ტაძარს თავისი სიმშვენიერით მნახველი აღტაცებაში მოჰყავდა, მაგრამ სულს უმღრევდა ქართველ კათოლიკეთა მოძულეებს. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი მთლიანად ქართველ კათოლიკეთა სახსრებით იყო აგებული, ზოგიერთები მაინც ედავებოდნენ მათ. თავისი მრევლისა და ეკლესიის სადარაჯოზე ფხიზლად იდგა მამა გაბრიელ ასლანიშვილი, რომელიც მამა ანსელმოს შემდეგ ბათუმელ კათოლიკეთა მოძღვარი გახდა.
ბოლშევიკური განუკითხაობისა და ღმრთისმოძულეობის დროს მამა გაბრიელი ჩეკისტებმა ტაძრის ეზოში დახვრიტეს.

ბოლშევიკურ ხანაში ხელისუფლების მიერ ბათუმის ღმრთისმშობლის ეკლესიის დაკეტვის შემდეგ ბათუმიის კათოლიკურ მრევლს ერთად შეკრებისა და წირვა-ლოცვის ჩატარების საშუალება მოესპო. კათოლიკეთა რიცხვიც ბათუმში საგრძნობლად შემცირდა. კათოლიკური ოჯახების წევრები ზოგი საზღვარგარეთ, ზოგიც სხვა ქალაქებში გადავიდა საცხოვრებლად, ზოგი მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს შეუერთდა, ზოგი კი ათეისტური პროპაგანდის გავლენით ათეისტად ჩამოყალიბდა.

კომუნისტური რეჟიმის არსებობის ბოლო წლებში, როდესაც დემოკრატიის სიომ დაჰბერა და ხალხი გამოღვიძებას შეუდგა, შესაძლებელი გახდა მორწმუნეთა შეკრებაც. ბათუმელმა კათოლიკეებმაც დაიწყეს შეკავშირება. მათ რამდენიმეჯერ სთხოვეს ქალაქის მმართველობას, იუსტიციის სამინისტროს, რათა რეგისტრაციაში გაეტარებინათ კათოლიკური საზოგადოება და დაებრუნებინათ მათთვის ტაძარი.

1989 წელს აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით ბათუმის ღმრთისმშბლის კათოლიკური ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა მფლობელობაში. ბათუმელი კათოლიკეების ყოველი თხოვნა ხელისუფლების მიერ არ შეიწყნარა და მათი იგნორირება გადაწყვიტა.

1992 წელს ბათუმელი კათოლიკეები შეკრიბა მამა ბერნარდინმა, რომელიც კვირაში ერთჯერ ჩამოდიოდა. საფუძველი ჩაეყარა საკრებულოს. ტარდებოდა კატეხიზაცია და ლოცვები, კათოლიკები იკრიბებოდნენ ლერმონტოვის ქუჩაზე, თენგიზ პარმაქსიზიშვილის კერძო სახლში. ასე გაგრძელდა რამდენიმე თვე. შემდეგ მამა ბერნარდინმა ვეღარ შეძლო ჩამოსვლა, რადგან მოვლენები ამ დროს საქართველოში დრამატულად განვითარდა, ქვეყანაში ქაოსი და ანარქია გაბატონდა. ბათუმელი კათოლიკეები კვლავ მოძღვრის გარეშე დარჩნენ.
კათოლიკური მრევლის ზრდამ იმთავითვე დღის წესრიგში დააყენა ეკლესიის საკითხი, რადგანაც ღმრთისმშობლის კათოლიკური ეკლესია საქართველოს საპატრიარქომ დაიკავა და ამ ეკლესიის მოთხოვნას შეეძლო დაეპირისპირებინა მართლმადიდებელი და კათოლიკე მრევლი. ამიტომ გადაწყდა ახალი ეკლესიის აშენება.
ამისათვის თხოვნით გაეგზავნა აჭარის ა/რ უზენაეს საბჭოს. რის შემდეგაც აჭარის ა/რ მეთაურმა, ასლან აბაშიძემ, ქალაქის შემოსასვლელში გამოყო მიწის ნაკვეთი ეკლესიის ასაშენებლად, მშენებლობის საქმეში ყოველგვარი დახმარების დაპირებით.
დადგა 1995 წელი. ბათუმში ჩამოვიდნენ სტიგმატელთა კონგრეგაციის ბერები: მამა ჯუზეპე პაზოტო და მამა გაბრიელე ბრაგანტინი.
მამა გაბრიელემ კვლავ შეკრიბა ბათუმის მრევლი. თავდაპირველად კათოლიკეები იკრიბებოდნენ ფირმა „აისის” ოფისში, რომელიც ეკუთვნოდა ა.ართმელაძეს.
მამა გაბრიელე იმ რთულ პერიოდში ყოველ შაბათს ჩამოდიოდა ქუთაისიდან, რათა სახარება ეხარებინა ჩვენთვის და ღმრთის სიტყვისათვის ვეზიარებინეთ.
საქმე თანდათან წინ მიიწევდა. არქიტექტორებმა გია ბაღოშვილმა და ოლეგ პატარიძემ შეადგინეს და დახვეწეს ეკლესიის პროექტი. გადაწყდა ეკლესია აშენებულიყო სულიწმიდის სახელობაზე. მშენებლობისათვის თანხა შეაგროვა იტალიის სხვადასხვა კათოლიკურმა საკრებულომ.
ბათუმის სულიწმიდის კათოლიკური ეკლესიის მშენებლობა ჩქარი ტემპით მიმდინარეობდა. მშენებლობას აწარმოებდა სამშენებლო ფირმა “ლ-თრეიდი”. მან შეწირულობის სახით 15.000 დოლარის ღირებულების სამუშაო შეასრულა. მადლობა ყველა მშენებელს, რომლებიც განურჩევლად აღმსარებლობისა, დიდი მონდომებით ასრულებდა სამუშაოს. ჩვენ ვგრძნობდით მათ პატივისცემას.

ეკლესიის მშენებლობის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი იყო მამა გაბრიელე ბრაგანტინი. იგი ფუტკარივით შეუსვენებლად თავს დასტრიალებდა მშენებლობას.

ასლან აბაშძემ ოჯახის სახელით მშვენიერი ჭედური კარი შესწირა ეკლესიას.

ეკლესიისათვის ზარები გამოგზავნა იტალიის ქალაქების მილანის, პავიას და პარმას საკრებულოებმა. მათზე აღბეჭდილია წმინდანთა გამოსახულებები სათანადო ქართული წარწერებით. წმ. ანდრიას, წმ. ნინოსა და წმ. გიორგის ზარები მორწმუნეებს ღმრთის სახლისკენ მოუხმობს.

2000 წლის 24 ივნისს ჩატარდა ეკლესიის კურთხევა. გაჩაღდა ნამდვილი სახალხო ზეიმი. ეს დღე სამუდამოდ ჩაიწერა ჩვენი ქალაქის ისტორიაში.
ბათუმის კათოლიკური ეკლესია მამა გაბრიელის ხალმძღვანელობით ყოველთვის ცდილობს ხალხის სამსახურში იყოს და დახმარების ხელი გაუწოდოს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს. ყოველ კვირადღეს ელოდებიან თავიანთ მოძღვარს ბათუმის კათოლიკური საკრებულოს წევრები. იგი მრავალთა ნუგეში და მომავლის რწმენაა. მისი არავის ეშინია, მისი როდი აქვთა და უყვართ თავმდაბლობისა და სათნოების გამო.

კათოლიკეთა ქველმოქმედება და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენა სხვადასხვაგვარია. ხშირად ეს დახმარება უკანასკნელი ნუგეშია მათთვის, ან გადარჩენილი სიცოცხლე, რომელსაც საფრთხე ემუქრებოდა. არასოდეს ეს ხელშეწყობა არ ყოფილა რამეს სანაცვლო თუ საზღაური. ეკლესია და ეკლესიის შვილები ეხმარებიან მათ სიყვარულისა და სარწმუნოების გამო. საქველმოქმედო საქმიანობას კათოლიკური ეკლესია ბათუმში ახორციელებს საავადმყოფოთათვის მედიკამენტებით უზრუნველყოფით, უპოვართათვის საკვებისა და ტანსაცმლის მიწოდებით, ავადმყოფთა მკურნალობითა და განსაკუთრებულ შემთხვევებში ოპერაციისათვის საჭირო თანხების გაღებითაც კი.

ბათუმის სული წმიდის კათოლიკურ ეკლესიაში კურთხევის დღიდან ბავშვებისათვის ტარდება კატეხიზაცია ანუ ქრისტიანული სწავლება. ჯგუფში გაერთიანებულია სხვადასხვა ასაკის ყმაწვილები. ისინი სწავლობენ სახარებას საგანგებოდ ბავშვებისათვის გათვალისწინებული სახელმძღვანელოებით და პროგრამით. სწავლის დროს ბავშვები ეჩვევიან ერთმანეთთან ურთიერთობას, ქცევის წესებს, კოლექტიურ თამაშებს. 10-12წლის ასაკის კათოლიკეებმა უკვე ჩააბარეს გამოცდა, შემდეგ მოძღვართან აღსარება თქვეს და ეზიარნენ ქრისტეს ხორცსა და სისხლს.