ახალშენი

იესო ქრისტე სამყაროს მეფეს სახ. ეკლესია

ახალშენი, 5900 ხონი

 

ღვთისმსახურება

წმიდა წირვა

  • კვირას - 15:00 სთ.

საკონტაქტო მისამართი

მოძღვარი
მ. დანიელე ჯაკომელი - მობილ. +995 551 11 21 26

 

ისტორია

ცნობილია, თუ რამდენი შევიწროება, რბევა და აოხრება ერგო ჩვენს სამშობლოს. რბევა Aარ დაჰკლებიათ ძველი მესხეთის მცხოვრებთაც. ამ რეგიონში სხვა ტომების გადმოსახლებისა და ჩასახლების შედეგად ქართველობას აღარ ჰყოფნიდა მიწა, აღარ ჰქონდა საარსებო საშუალება და სწორედ ამის გამო 1904 წელს ახალციხის რაიონის სოფელ უდის მცხოვრებლებმა __ აზარაშვილებმა, კიკნაძეებმა, პაჭუაძეებმა, ნესოშვილებმა, ხითარიშვილებმა და მაისურაძეებმა _ დატოვეს მშობლიური სოფელი და თავიანთი ოჯახებით გაუდგნენ გზას დასავლეთი საქართველოსაკენ. ისინი ურმებითა და ფურგონებით მიდიოდნენ და გზას ხუთი დღე მოანდომეს, ბოლოს კი მიადგნენ ხონს, წყალტუბოსა და ხონს შორის მდებარე დაუსახლებელ ადგილს, რომელიც თავად ანტონ წულუკიძეს უკუთვნოდა. ჩამოსულმა უდელმა გლეხებმა თავად წულუკიძისაგან შეიძინეს ეს მიწები, რომელშიც მას გადაუხადეს 4000 ოქრო. სოფლები აქედან მოშორებით იყო, ხოლო თავად ეს ადგილი გაუდაბურებული, გაუვალი, ეკალ-ბარდით დაფარული გამხდარიყო. აქ იშვიათად თუ შეხვდებოდით ცოცხალ ადამიანს, მხოლოდ ეს ექვსი ოჯახი წარმოადგენდა ახალდასახლებულთა საკრებულოს. ხალხი მძიმე ფიზიკურ შრომას მისდევდა და არავის რჩებოდა დრო გასართობად. ცხოვრება კი თავისი გზით მიდიოდა. ამ მიყრუებულ ადგილზე გამრჯე ადამიანებმა თავიანთი დაუზარელი შრომით ბევრი რამ გააკეთეს: გაიყვანეს საურმე გზა, გაკაფეს გაუვალი ტყეები, შემოფარგლეს თითოეული ეზო... ორი წლის შემდეგ სოფელს მიემატა ახალჩამოსახლებულთა კიდევ სამი ოჯახი. ჩამოსახლების შემდეგ ექვსმა წელმა ჩაიარა.

მეზობელი თათრები კვლავ თავს ესხმოდნენ უდელ ქართველებს და საშინლად ავიწროებდნენ მათ. თავდასხმებით გაწამებული ხალხის ნაწილმა კვლავ დატოვა მშობლიური ადგილები და ოჯახები ისევ ხონისაკენ დაიძრნენ. ადგილობრივმა მკვიდრებმა ისინი გულთბილად მიიღეს და ყველანაირი დახმარება ამოუჩინეს მათ. ასე გაჩნდა ახალი სოფელი, რომელსაც მეზობელი სოფლების მაცხოვრებლებმა “ახალშენი” უწოდეს. სოფელი დღესაც ამ სახელითაა ცნობილი. მოხუცები გადმოგვცემენ, რომ ისინი კარგად ლაპარაკობდნენ თათრულად, მეზობელი სოფლის გლეხებს კი ეს ენა არ ესმოდათ. ახალშენელები აღმსარებლობით კათოლიკეები იყვნენ, რის გამოც ისინი გარშემომყოფებმა “ფრანგებად” მონათლეს. მათ დღესაც ასე უწოდებენ.

წლები წლებს მიჰყვა. სოფელი ახალშენი უფრო მრავალრიცხოვანი ხდებოდა. სოფლის მაცხოვრებლები უკვე გზის ორივე მხარეს ცხოვრობდნენ. მუყაითმა გლეხებმა კარგად მოაწყვეს ეზოები, შემოფარგლეს საყანე მიწები და შეუდგნენ ვაზის მოშენებას.

მიუხედავად მძიმე პირობებისა, ხალხმა მაინც მოახერხა, შეენარჩუნებინა ქრისტიანობა. სოფლის მოსახლეობამ თავად ააგო ხის ფიცრული ეკლესია, სადაც სალოცავად დადიოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიას თავისი მღვდელი არ ჰყავდა.

1920 წელს სოფელში გაიხსნა ოთხწლიანი სკოლა (იქ, სადაც ამჟამად სასაფლაოა). გამოჩნდნენ აღმზრდელებიც, მათ შორის, პირველი მასწავლებელი _ მამა გაბრიელი, ხოლო შემდეგ მას მიემატნენ ბაგრატ გორდულაძე და ლუსია გურგენიძე.

წლების მანძილზე დაუღალავი, მუყაითი შრომის შედეგად დამშვენდა, გალამაზდა სოფელი. დაბალი სახლების ნაცვლად გაჩნდა მშვენიერი ოდა-სახლები. II მსოფლიო ომის დროს ფრონტზე იბრძოდა ახალშენის მკვიდრი 35 ვაჟკაცი, რომელთაგან სოფელს მხოლოდ 18 დაუბრუნდა.

მოსახლეობის გამრავლებამ მოითხოვა, ახალშენში ოთხწლედის ნაცვლად გახსნილიყო რვაწლიანი საშუალო სკოლა, რომელიც 1946 წელს ამოქმედდა; გაიხსნა მაღაზია, სკოლის ბიბლიოთეკა, საექიმო პუნქტი; სოფელში გაიყვანეს სინათლე; მალე სკოლას მიუშენეს 6 ოთახი, რის შედეგად თვალს ახარებდა ლამაზი სასკოლო შენობა, სადაც გაიხსნა ფიზიკისა და ქიმიის სრულყოფილი კაბინეტები.

მთელი ამ ხნის განმავლობაში სოფელ ახალშენის კათოლიკე მოსახლეობა ცხოვრებას მღვდლის გარეშე განაგრძობდა. პირველად სტიმატელთა კონგრეგაციის წევრები _ მამა ჯუზეპე პაზოტო და მამა გაბრიელე ბრაგანტინი _ სოფელ ახალშენში 1994 წლის 10 სექტემბერს ჩამოვიდნენ, რომლებიც ნელ-ნელა ჩვენში თითქმის მივიწყებული სულიერი ცხოვრების გაცოცხლებას შეუდგნენ. იმჟამად წირვა-ლოცვა სოფლის ერთ-ერთი უხუცესის, ევგო ხითარიშვილის, სახლში აღესრულებოდა. როდესაც მრევლი გაიზარდა, საკრებულომ ყოფილი მაღაზიის შენობაში გადაინაცვლა. 1996 წ. ჩვენთან ჩამოვიდნენ მონაზვნები: და ლორედანა მონეტი, და ანა-მარია კრიველარი, და ემალიზა პრანდო.

ღმრთისმსახურება სრულყოფილად ტარდებოდა, მაგრამ გაჩნდა სერიოზული საზრუნავი _ აუცილებელი გახდა ეკლესიის აგება. მამა ჯუზეპესა და მამა გაბრიელეს დიდი მონდომებითა და ძალისხმევით ამ სურვილს ხორცი შეესხა. გამოიძებნა სპონსორებიც, რომელთა შორის იყვნენ გერმანელი და იტალიელი ქველმოქმედნიც. გადაწყდა, ეკლესია აგებულიყო იმ ადგილას, სადაც ტრადიციულად ხის ძველი ეკლესია იდგა. ახლა იქ მშვენიერი ტაძარი დგას: იესო ქრისტეს _ სამყაროს მეფის სახელობაზე. თავდაპირველად იკურთხა ადგილი, პირველი ქვა კი იკურთხა 1997 წლის 5 მაისს. მის მშენებლობაში მონაწილეობას იღებდა მთელი სოფელი: მოხუციდან ახალგაზრდამდე. ჩვენი ეკლესიის აგებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს მეზობელ დასახლებაში მცხოვრებმა სვანებმაც. ეკლესიის პროექტი ეკუთვნის მამა გაბრიელეს, ინჟინერი იყო კოტე ოცხელი. ეკლესია თანდათანობით შენდებოდა. ქვის კურთხევას იმავე თვეში მოჰყვა ზარების კურთხევა, რომლებიც გვაჩუქა სტიმატელთა მისიონერული ჯგუფის “პავიას” საკრებულომ. აღსანიშნავია, რომ ეკლესიის მშენებლობა დიდი ენთუზიაზმით მიიღო მთელმა სოფელმა. ჯერ ისევ ხარაჩოებში მყოფი მტდდ,3სისი თეთრი კედლები თანდათან მიიწევდა მაღლა ცისკენ, როგორც მორწმუნის მიერ უფლისადმი აღვლენილი ლოცვა. როცა შენობის მშენებლობა დამთავრდა, აუცილებელი გახდა მისი მოხატვა. ეკლესიის ეზო შემოიღობა 2000 წელს, მისასვლელი გზა კი მხოლოდ 2002 წლის შემოდგომაზე დაიგო.

არასოდეს დაავიწყდებათ ახალშენელებს ეკლესიის კურთხევის დღე: 1998 წლის 4 აპრილი, რასაც თან ახლდა ბზობა და კათოლიკე ახალგაზრდობის დღე, რომელიც იმ წელს ახალშენში ტარდებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი მოძღვარი მამა ჯუზეპე ამ დრო უკვე ამიერკავკასიის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი იყო და მას თბილისიდან ველოდით, სოფლის ბოლოს, მდინარე გუბისწყალთან. აქ უნდა დავხვედროდით თბილისიდან, ქუთაისიდან და სხვა საკრებულოებიდან წამოსულ სტუმრებს. ახალგაზრდებმა უკვე იზრუნეს იმისათვის, რათა ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო და იმჟამად აღმოსავლური ეკლესიების კონგრეგაციის მდივანი მონსინიორი კლავდიო გუჯეროტი (ამჟამად წმიდა საყდრის დესპანი საქართველოში) ტრადიციული ხალხური ტრანსპორტით _ “ფაეტონით” _ შემოეყვანათ სოფელში. ამისთვის ისინი მათ მეზობელ სოფელში დახვდნენ. სწორედ აქ იყო პირველი შეხვედრა, პირველი მისალმება; ყმაწვილებმა მოხდენილად შეასრულეს ეროვნული ცეკვები, აქვე დაიწყო სტუმრებისათვის სოფლის ისტორიის გაცნობა. შემდეგი შეჩერება იყო სოფლის სასაფლაოსთან, მომდევნო კი _ სკოლის ეზოში, სადაც დამთავრდა სოფლის ისტორიის წარმოჩენა. ახალშენელებიMმრავალრიცხოვან სტუმრებს მასპინძლობდნენ. იმდღევანდელი წირვა, ალბათ, ყველაზე ამაღლებული, ყველაზე ლამაზი, ყველაზე დაუვიწყარი იყო. ახალშენელები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.

1998 წელს 4 აპრილი იყო უსაზღვრო სიხარულისა და ოცნების ახდენის დღე. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი თაობა ამ ეკლესიის სულიერი ქვები გახდება და სწორედ ამ სულიერი ქვებით განახლდება, გააღრმავდება და განმტკიცდება ჩვენს წინაპართაგან შენახული და გადმოცემული სარწმუნოება.