ხიზაბავრა

იესოს უწმინდესი გულის სახ. ეკლესია

ხიზაბარა, 0500 ასპინძა

 

ღვთისმსახურება

წმიდა წირვა

  • კვირადღეს - 11:00 სთ.

საკონტაქტო მისამართი

წინამძღვარი
მ. აკაკი ჭელიძე mi მობ.: 00995 599 21 07 65

 

ისტორია

ხიზაბავრა ერთ-ერთი უძველესი და მდიდარი წარსულის მქონე სოფელია სამხრეთ საქართველოში. მოძიებული არქეოლოგიური მასალებით სოფლის ხანდაზმულობა განისაზღვრება ენეოლით-ადრე ბრინჯაოს ხანით (ძვ. წ. აღ-ის V-IV ათასწლეულებით). სოფლის სახელწოდება, ლეგენდის მიხედვით, მიღებულია ორი სოფლის სახელის – ხიზისა და ბავრის შეერთებით. დღეისათვის ხიზა ნასოფლარია, ხოლო სოფელი უშუალოდ ბავრის ტერიტორიაზეა გაშენებული.

სოფელს მრავალი ღირსშესანიშნაობა გააჩნია. კერძოდ აღსანიშნავია მიწისქვეშა გვირაბები, “რომლებიც ემსახურებოდა მოსახლეობას თავდაცვაში მტრის თავდასხმის დროს. საქართველოში ასეთ ნაგებობას “დარანი” ჰქვია” . დარნებთან დაკავშირებით მრავალმა საინტერესო ლეგენდამ მოაღწია ჩვენამდე.
ხიზაბავრის ტერიტორიაზე (სამხრეთით ქვავნარში) მდებარეობს ბუნებრივი “საცივი”, სადაც გვიან ზაფხულამდე ინახება ყინული და თოვლი, რომელსაც სამკურნალო და სამეურნეო საქმიანობის მიზნით გამოიყენებდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ხიზაბავრას უკავშირდება მრავალი ისტორიული მოვლენა. კერძოდ, სომეხი ისტორიკოსის ასოღიკის ცნობით 841 წელს ტაო-კლარჯეთის (ქართული სამეფო) მეფემ აშოტ კუროპალატმა სასტიკად დაამარცხა არაბი სარდალი ხალილა ხოზაბირში (ხიზაბავრაში). მოგვიანებით კი მეფე ერეკლე II-მ ასპინძის ბრძოლაში (1770 წ. 20 აპრილი) გამარჯვების პარაკლისი ხიზაბავრის ეკლესიაში გადაიხადა, ხიზაბავრელებმა კი დიდი ნადიმი გაუმართეს მეფეს.

ხიზაბავრა იმითაც არის შესანიშნავი, რომ მის ტერიტორიაზე რამდენიმე ნასოფლარია: ვარანტები, ხიზა, გომი, ოსპანაური, სადაც დღემდეა შემორჩენილი ეკლესიათა ნანგრევები. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ სოფლის ტერიტორიაზე მრავალი ისტორიული ძეგლი მდებარეობს: ობოლეთის ეკლესია (სოფლიდან 7-8 კმ-ის დაშორებით) იგი X-XI საუკუნეებით თარიღდება. თვით სოფელში არის XIII საუკუნის, ლაშა-გიორგის დროინდელი “ღართის” ეკლესია. სოფელს ჰქონდა თავისი ციხე, რომელიც XX საუკუნემდე არსებობდა.

უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ რაც სოფლის მოსახლეობამ მიიღო კათოლიკობა აშენებულ იქნა კათოლიკური ეკლესიები. კერძოდ, ეს იყო “ჯვართ ამაღლების” სახელწოდების, ქოხის მსგავსი ეკლესია. ზ. ჭიჭინაძის აზრით, მისი მშენებლობა XVI საუკუნის მიწურულს მიეწერება. ეს უნდა იყოს სოფელში პირველი კათოლიკური სალოცავი. 

მოგვიანებით – 1828 წელს სოფლის მღვდელს ანტონ ხუციშვილს აუგია “მღვთის მშობლის” ეკლესია, რომელიც სულ მალე მცირე აღმოჩენილა მრევლისათვის. ამ მიზეზმა განაპირობა ახალი კათოლიკური ეკლესიის მშენებლობა, რაც განახორცილა კათოლიკე მღვდელმა – მიხეილ ვარძელაშვილმა. მან სარატოვის ეპისკოპოსის ანტონ ცერის შუამავლობით მიიღო ეკლესიის მშენებლობის ნებართვა. ეკლესიას “იესოს გულის” სახელი ეწოდა, კურთხევა მოხდა 1900 წლის 25 ივნისს. სამრევლოს ქვაზე ქართულად და ლათინურად შესრულდა წარწერა: “აღაშენა ეს რომის კათოლიკეთა ტაძარი “იესოს გულისა”, მოღვაწეობითა მღვდლის მიხეილ ვარძელაშვილისა და შემწეობითა ხიზაბავრელ, რუსეთელ და კავკასიელ კათოლიკეთა. წელსა უფლისასა 1898-სა”.
ხიზაბავრას, მესხეთის სხვა სოფლების მსგავსად, მოუხდა თურქთა ბატონობის მძიმე უღლის ტარება, რომლისგანაც 1828 წლის ზაფხულში განთავისუფლდა. თურქთა ხანგძლივი ბატონობის მიუხედავად მოსახლეობამ შეინარჩუნა ენაც და სარწმუნოებაც. ცნობილი საზოგადო მოღვაწე ილია ალხაზიშვილი წერდა: “სოფელი ხიზაბავრა მთელს ჯავახეთში ერთადერთი სოფელია, სადაც სხვა ტომთა შეურევნელად 163 კომლი ცხოვრობს. ხიზაბავრელებს წმინდად დაუცავთ ნამდვილი ქართული ენა მესხური კილოთი და იმდენი ლეგენდა, შაირი, ლექსი და ხალხის თქმულებანი შეუნახავთ, რომ მთელი ტომები დაიწერება” .

თურქთაგან გათავისუფლების შემდეგ სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდა. თურქული რეჟიმი რუსიფიკატორული პოლიტიკით შეიცვალა. მის მიზანს ქართველი ხალხის ეროვნული გადაგვარება წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, როგორც მთელი ქართველი ერისათვის, ისე ხიზაბავრელთათვის ეპოქის მოთხოვნად იქცა ქართველობის შენარჩუნება. ამ მისიის შესრულებაში დიდი წვლილი შეიტანეს ე.წ. მესხმა განმანათლებლებმა. მათ შორის ივანე გვარამაძემ, “ვინმე მესხის” ფსევდონიმით ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ და კათოლიკე მღვდელმა. მან ხიზაბავრაში 1881 წლის 21 ნოემბერს დაარსა ერთკლასიანი სკოლა. ასევე დეტალურად შეისწავლა სოფლის ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, ტოპონიმიკა, ფოლკლორი და ა.შ.

ხიზაბავრის მკვიდრი იყო კათოლიკე მღვდელი იოსებ ხუციშვილი, რომელმაც 1836 წელს სოფელ ხიზაბავრაში დააარსა ქართული სტამბა, იგი 1838 წ. ახალციხეში გადაიტანა, სადაც ერთი ათეული წლის მანძილზე ფუნქციონირებდა. ის თვითნასწავლი მესტამბე იყო და ამიტომ უწოდეს მას “მესხი ჰუტენბერგი”. ამასთანავე, მისი სტამბა იმ პერიოდის საქართველოში ერთადერთი ქართული სტამბა იყო.
სოფელს, თვისი მოღვაწეობით, დიდი ამაგი დასდო მღვდელმა ანტონ ხუციშვილმა. გარდა იმისა, რომ მან ააშენა “მღვთის მშობლის” ეკლესია, ის გახლდათ კალიგრაფი და მრავალი სასულიერო ხასიათის წიგნი იქნა გადაწერილი მის მიერ.

ხიზაბავრაში აღზრდილ მამულიშვილთა შორის ღირსეული ადგილი უკავია კათოლიკე მღვდელს დომინიკე მუღაშაშვილს (პაწაძეს). ის გახლდათ ჟურნალის “ჯვარი ვაზისა” რედაქტორი. მისი ინიციატივით 1909-1910 წლებში ხიზაბავრიდან სოფელ სკრაში (გორის რაიონი) 25 კომლი გადასახლდა. იგი დაუღალავად იბრძოდა კათოლიკურ ეკლესიებში ქართული ენის დასამკვიდრებლად. იგი იყო ივანე გვარამაძის თანამოაზრე.
ხიზაბავრაში აღზრდილ ცნობილ პიროვნებათა შორის არიან: ალექსანდრე ხუციშვილი, იაკობ ვარძელაშვილი, ეფრემ ველიჯანაშვილი, ბაგრატ ყრუაშვილი, თამარ მაზმიშვილი და ა.შ.

სოფელ ხიზაბავრას 25 საუკუნოვანი ისტორია აქვს. მრავალ ჭირვარამგამოვლილი სოფელია. მისი მცხოვრებნი ისტორიულად ცნობილნი იყვნენ როგორც მამაცნი და მეომარნი. ამიტომაც იყო, რომ მტერთა შემოსევების დროს მეზობელი სოფლების მცხოვრებნი ხიზაბავრას მიაშურებდნენ ხოლმე: “1655 წელს დვირელები და ზუბალაშვილები სოფელ ხიზაბავრას შეხიზნიან, რომელიც მაშინ განთქმული იყო შესანიშნავი ქართველი მეომრებით და ფალავნებით” , - წერდა ზ. ჭიჭინაძე. გაზეთი “ივერიის” ფურცლებზე კი შემდეგს ვკითხულობთ: “როცა ჯავახეთში ოსმალთა ცეცხლი გვრგვინავდა, მაშინ ვინც მაჰმადის რჯული უარყო, სცდილობდა თავის მერჯულეს შეჰკედლებოდა. ამგვარად ხიზაბავრაში სხვადასხვა სოფლიდან გამოქცეულ ქართველებს მოუყრიათ თავი.”
სწორედ ხიზაბავრელთა მამაცობამ და ვაჟკაცობამ განაპირობა ის, რომ იქ ფეხი ვერ მოიკიდეს თურქებმა და ვერ შეძლეს მათი გამაჰმადიანება.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამცხე-ჯავახეთში ხიზაბავრა ფალავნების კერა იყო. მათ “ხიზამბარელობით” მოიხსენიებდნენ. საერთოდ, ხიზამბარელობა მთელს საქართველოში ძლიერების სიმბოლოდ იყო ქცეული. აქ აღზრდილ ფალავნებს შორის სახელგანთქმულნი და დაუმარცხებელი ფალავანნი იყვნენ: დავით, გიორგი, ზაქარია ხიზამბარელები და სხვანი. უნდა აღინიშნოს, რომ ხიზაბავრაში 2004 წლიდან აღდგენილია ჭიდაობის ძველი ტრადიცია. კერძოდ, ოქტომბრის თვეში იმართება დავით ხიზამბარელის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ საუკუნეების მანძილზე მტერთა დაუსრულებელი შემოსევების გამო ადგილი ჰქონდა სამხრეთ საქართველოდან ადგილობრივი მოსახლეობის მიგრაციას. ეს პროცესი სოფელ ხიზაბავრასაც შეეხო. ხიზაბავრის მოსახლეობის ბაზაზე საქართველოში რამდენიმე სოფელი აღდგა და დაფუძნდა. კერძოდ: ხიზა, ახალხიზა, ნინიგორი, ნაწრეტი, სანავარდო, მთისძირი, ბაღდადი და ა.შ. ამჟამინდელი მდგომარეობით საქართველოს ყველა ქალაქსა და მრავალ სოფელში ცხოვრობს ათობით ხიზაბავრელი.

კომუნისტური რეჟიმის დაცემის შემდეგ აღორძინდა ხიზაბავრის კათოლიკური ეკლესია, რომელსაც XX ს.-ის 30-იანი წლების შემდეგ საკუთარი მღვდელი აღარ ჰყოლია. ჯერ მამა ბერნარდინე სვიდერსკი შეძლებისდაგვარად მოდიოდა აქ არლიდან, შემდეგ მამა იეჟი შიმეროვსკი ვალედან, დაბოლოს სოფლის ეკლესიის მომსახურება იკისრეს საქართველოში მომუშავე კამილიელმა მამებმა: მამა პავლე შჩეპანეკმა (1999 წლის ივლისში იგი ავტოავარიაში გარდაიცვალა), მამა პავლე დილმა და მამა ზიგმუნტ ნიეჯვეჯმა.

2011 წლიდან ამ საკრებულოს წინამძღვარია მღვ. პაატა ქომოშვილი. 2015 წლის მაისიდან მას ცვლის კამილიელი მ. აკაკი ჭელიძე