ვალე

ყოვლადწმიდა მარიამ ღვთისმშობლის შობის სახ. ეკლესია

თამარ მეფის ქ. 72, ვალე, 0800 ახალციხე

 

ღვთისმსახურება

წმიდა წირვა

  • ყოველდღიურად - 11:00 სთ.
  • კვირას - 11:00 სთ.

საკონტაქტო მისამართი

მოძღვარი
მამა მიხაილ სურმავა - მობილ. +995 574 932259

 

ისტორია

ვალე მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, ახალციხის რაიონში, მდინარე ფოცხოვის მარჯვენა სანაპიროზე, არუშეთის ქედის სუსტად დახრილ ჩრდილოეთ კალთაზე. სოფელ ვალეში ამჟამად 1400 ოჯახი, დაახლოებით 5100 მაცხოვრებელი ცხოვრობს. მათი უმეტესობა კათოლიკეა.

ისტორიულად ცნობილია, რომ ვალე ძველი სოფელია, რომელიც მოიხსენიება უკვე X საუკუნიდან. სოფელში, არა უგვიანეს XIV-XV საუკუნეებისა, ჩნდება კათოლიკობაც. სოფლის მოსახლეობას მუსლიმთა ბატონობის პერიოდშიც (XVI-XIX სს.) არ დაუკარგავს ქრისტიანული სარწმუნოება. როგორც მამა მიქელ თამარაშვილი წერს: “კათოლიკეებმა მტკიცედ დაიცვეს თავიანთი სარწმუნოება და დასავლეთის შემწეობით არ მიიღეს მაჰმადიანობა, რომელსაც ოსმალები ავრცელებდნენ. პაპის ძლიერი მფარველობით აღმოსავლეთში კათოლიკობა შეიქმნა ქრისტიანობის შესახიზნარი და რათა დევნა აეცილებინათ, ამიტომ კათოლიკენი ხდებოდნენ”. გაკათოლიკებული მოსახლეობა გამრავლდა და ფეხი მოიკიდა ვალეში. 1670-იან წლებში კათოლიკეებს ეკლესიაც კი აუგიათ (მანამდე ცნობები არ მოგვეპოვება, იდგა თუ არა სოფელში ეკლესია), მღვდელი კი ლათინური წესის უცხოელი მისიონერი ყოფილა, მაგრამ წირვა-ლოცვა აქაც ისევე ქართულად სრულდებოდა, როგორც სხვაგან, სამცხე-ჯავახეთში. ხსენებული ეკლესია ოსმალთაგან მრავალგზის იქნა დანგრეული, ხოლო XVIII საუკუნეში ის საძირკვლამდე გაანადგურეს. მას შემდეგ მისი განახლება შეუძლებელი გახდა, ამიტომ 1860 წელს სხვა ადგილას დაიწყეს ახალი ეკლესიის მშენებლობა, რომელიც 1862 წელს დაუმთავრებიათ. ამ ეკლესიის აშენებას ხელმძღვანელობდა მოძღვარი სტეფანე ზაქარიანი. ეს ეკლესია შემორჩენილია დღემდე, რომელიც ღმრთისმშობლის სახელობაზეა აგებული. ამ ეკლესიის ეზოში არის ეკლესიის პირველი ორი მოძღვრის _ სტეფანე ზაქარიანისა (1820-1903) და სტეფანე გოზალოვის (1828-1895) _ საფლავები.

მათ შემდგომ ეკლესიაში არაერთ სასულიერო პირს უმოღვაწია, მაგრამ კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ ამ ეკლესიაში, როგორც ყველგან სხვაგან, წირვა-ლოცვა აღარ აღესრულებოდა. ეკლესია იმხანად გამოყენებული იყო ხორბლის საწყობად. ვალის ამ კათოლიკურ ეკლესიაშიც მრავალი წლის განმავლობაში მრევლს შენობაში სალოცავად შესვლა ეკრძალებოდა და მორწმუნეები მოძღვრის გარეშე აღავლენდნენ ლოცვებს ეკლესიასთან ახლოს მდებარე იქაური, გარდაცვლილი მღვდლის ყოფილ საცხოვრებელ სახლში.

გავიდა დრო, კომუნიზმი დაემხო, ეკლესიებში წირვა-ლოცვა აღსდგა, მაგრამ ქართველი მღვდლის გარეშე. 80-იანი წლებიდან ვალეში მღვდლები წირვის ჩასატარებლად მეზობელი სოფლებიდან ჩამოდიოდნენ: მ. იოსებ კორნაშევსკი სხვილისიდან, მ. ბერნარდინე არალიდან, მ. ანრი მარტენი _ თბილისიდან. 1996 წლიდან სოფელს თავისი მოძღვარი ჰყავდა _ მამა იეჟი შიმეროვსკი, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა ვალის მოსახლეობისათვის. მან ეკლესიიდან მოწყვეტილი ხალხი _ მასთან ერთად ახალგაზრდები და ბავშვები _ საკრებულოს შესძინა. 2003 წლის ოქტომბრიდან დაინიშნა ახალი მოძღვარი მამა ანდრეი გრაჩიკი, რომელიც დიდი მონდომებით ემსახურება მრევლს.

2008 წლიდან ვალეს ეკლესიის მოძღვრად დაინიშნა მამა ზურაბ კაკაჩიშვილი.