რიგითი ჟამის XXX`

სამგზის აუწყა იესომ მათ, ვინც მსახურების დასაწყისიდანვე დაჰყვებოდა, რომ მისი გზა მიემართებოდა იერუსალემისაკენ, სადაც მას მოელოდა ტანჯვა, სიკვდილი და აღდგომა. პეტრესათვის ესოდენ ტრაგიკული დასასრული მიუღებელი აღმოჩნდა. იაკობმა და იოანემ, “ზებედეს ძეთ”, უეჭველად, ყურადღება მხოლოდ იმ დიდებაზე გაამახვილეს, რაც, მათი აზრით, მოასწავებდა იმისი სასუფევლის უშუალო დადგომას, ვისაც გვერდში ედგნენ: სურდათ ნებისმიერ ფასად საპატიო ადგილები დაეკავებინათ (გასული კვირის სახარება). და, აი, დღეს იერიქონიდან გავდივათ, რათა იესოს იერუსალემისაკენ მოგზაურობის ბოლო მონაკვეთს შევუდგეთ. აქ, ქალაქის ჭიშკარში, ხდება განსაკუთრებით სიმბოლური განკურნება: იკურნება ბრმა მათხოვარი, გზის პირას მჯდარი ბარტიმეოსი.

სნეული ევედრება იესოს, უწოდებს მას “დავითის ძეს”. და როცა მას დაუძახებენ და დააიმედებენ, იგი “გადაიგდებს მოსასხამს”, “ფეხზე წამოხტება” და “მირბის”, რათა სთხოვოს განკურნება. თავისი რწმენით “დახსნილს”, “მაშინვე” აეხილება თვალი და გაჰყვება იესოს გზაზე. ესაა ძალზე ცოცხალი და მნიშვნელობებით დატვირთული მონათხრობი ქრისტიანთათვის, რომელთაც მიმართავს მახარებელი-კატექისტი მარკოზი. იესოს ძალუძს და სურს განკურნოს იმათი სიბრმავე, ვინც მას ევედრება რწმენით და არ თაკილობს მიმართოს მას. ეს პირველი “განათლება” ხდება ნათლისღებისას. ლაპარაკია პიროვნულ ეტაპზე, რომელსაც წინ უძღოდა მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი მომზადება, როდესაც “რწმენის საიდუმლო” მიიღება ზრდასრულ, ან მოზარდ ასაკში. მცირე ასაკის ბავშვებს სხვები მიუძღვიან იმ გზაზე, რომელმაც უნდა მიიყვანოს ისინი სულ უფრო შეგნებულ მონაწილეობამდე იესოს საპასექო საიდუმლოში, მის სიკვდილსა და აღდგომაში. ნამდვილად ცოდვა იქნებოდა, ამ პირველი შეხვედრის შემდეგ კვლავ გზის პირას დასაჯდომად დაბრუნება, ანდა დაბადებისთანავე მონათლულ ბავშვთა უყურადღებოდ დატოვება. საეკლესიო საიდუმლონი, რომლებითაც უნდა იყოს მოჭედილი მთელი ცხოვრება, რეგულარულად აღსრულებული ევქარისტია, გვეძლევა იმისათვის, რათა დაუბრკოლებლად ვიმოძრაოთ წინ, იერუსალემისაკენ სავალ გზაზე, ან, რათა წამოვდგეთ, როცა ვეცემით. უფალი მოუხმობს მათ, ვინც მის კვალს დაადგა, განსაცვიფრებელი გამოსვლისაკენ, გამოსვლისაკენ, რომელშიც ყველა ხალხს შეუძლია გაერთიანება. შეიძლება მინდობა. მას ძალუძს ცოდვილის წამოყენება, ვინაიდან ის მღვდელმთავარია, რომელიც “დადგენილია ადამიანთა სასიკეთოდ ღვთიურ სამსახურში”.

 

პირველი საკითხავი


ღმერთი ნეტარი მოუხმობს მთელ ქვეყნიერებას გაიზიაროს მისი სიხარული: გამოცდამ გამოიღო ნაყოფი, მას ძალუძს მიუტევოს თავის მონანულ ერს. როგორც ეს ხშირად ხდება, მდგომარეობის ამგვარი ცვლილება გამოიხატება ახალი და განსაცვიფრებელი გამოსვლის ფორმით. ხეიბრებიც კი ივლიან ჩქარი ნაბიჯით და ისინიც კი მიიღებენ მონაწილეობას, ვისაც რჯულისმიერი უწმინდურობა აიძულებდა განზე მდგარიყო. ჩრდილოეთისა და სამხრეთის (ისრაელი და იუდა) ტომების განყოფის დასასრული გვაუწყებს ყველა ხალის ერთად შემოკრებას.

იერემია წინასწარმეტყველის წიგნიდან

31:7 ასე ამბობს უფალი: “სიხარულით უმღერეთ იაკობს და იკიჟინეთ ხალხების თავზე; გამოაცხადეთ, ადიდეთ და თქვით: ‘იხსენი, უფალო, შენი ერი, ნატამალი ისრაელისა!’ 31:8 აჰა, მოვიყვან მათ ჩრდილო ქვეყნიდან და შევკრებ მათ ქვეყნის კიდეებიდან, მათში ბრმას და კოჭლს, ფეხმძიმეს და მშობიარეს ერთად, დიდი კრებული დაბრუნდება აქეთ. 31:9 ტირილით მოვლენ ისინი და ვედრებით წავუძღვები მათ, მივიყვან სწორი გზით წყლის ნაკადულებთან. არ წაიბორძიკებენ იქ, რადგან მამად ვეყოლები მე ისრაელს, ეფრემი კი ჩემი პირმშოა.”

რესპონსორიული ფსალმუნი


სიცილი და სიხარულის შეძახილები, სადღესასწაულო სიმღერები იმ უფლის საპატიოდ, ვინც საკვირველს იქმს თავისიანებისათვის.
: დიადი საქმე მოიმოქმედა უფალმა ჩვენთვის.
125:1 როცა აღადგინა უფალმა სიონის ხვედრი
თავი სიზმარში გვეგონა.
125:2 მაშინ აივსო სიცილით ბაგე ჩვენი,
და ენა ჩვენი — გალობით; 
მაშინ ამბობდნენ წარმართთა შორის:
“დიადი საქმე მოიმოქმედა უფალმა მათთან.”
125:3 დიადი საქმე მოიმოქმედა უფალმა ჩვენთან,
გავმხიარულდით. .
125:4 აღგვიდგინე, უფალო, ხვედრი,
ვით ნაკადები ნეგების მიწაზე.
125:5 ცრემლით მთესველნი
სიმღერით მოიმკიან. .
125:6 მიდის და ტირის
მთესველი თესლისა,
მოდის და სიმღერით
მოაქვს თავისი ძნები. .

მეორე საკითხავი

ქრისტე ერთადერთი სრულყოფილი შუამავალია ზეცასა და მიწას შორის, იმის გამო, რომ მის პიროვნებაში, ღმერთი და ადამიანი უღრმესად და სამუდამოდ შეერთდნენ. იგი თავად არ დაუფლებია თავის მღვდლობას, რომელიც არაა ადამიანისგან დადგენილი: მას ფლობს თავისი იდუმალი ღვთაებრივი წარმომავლობის ძალით. “მელიქისედეკის წესით”, იმის გამო, რომ უზენაესის ეს მღვდელი (დაბ 14,18-20) არ ეკუთვნის არავითარ ცნობილ სამღვდლო საგვარეულოს (ებრ 7,3).

წერილიდან ებრაელთა მიმართ

5:1 ყოველი მღვდელმთავარი, ადამიანთაგან ამორჩეული, ადამიანთათვის არის დაყენებული ღვთის სამსახურში, რათა შესწიროს ძღვენი და მსხვერპლი ცოდვებისათვის. 5:2 მას ძალუძს შეიწყნაროს უმეცრები და გზასაცდენილები, ვინაიდან თვითონაც მოცულია უძლურებით.
5:3 ამიტომ ვალდებულია, შესწიროს ცოდვების გამოსასყიდი მსხვერპლი — ხალხისთვისაც და თავისთვისაც.
5:4 და არავინ თავისით არ ღებულობს ამ პატივს, არამედ ვინც ღვთის მიერაა მოწოდებული, როგორც აარონი. 5:5 ასევე ქრისტეს არ უდიდებია თავისი თავი, რომ მღვდელმთავარი გამხდარიყო, არამედ იმან, ვინც უთხრა მას: “ჩემი ძე ხარ შენ, მე დღეს გშობე შენ”. 5:6 როგორც სხვაგანაც ამბობს: “შენ მღვდელი ხარ საუკუნოდ მელქისედეკის წესით”. -სიტყვა ღმრთისა

სახარება

უდავოდ სიმბოლური დატვირთვის სასწაულია. ხდება იერიქონის გასასვლელში, იერუსალემისკენ მოგზაურობის ბოლო ეტაპზე, იერუსალემისაკენ, საითკენაც მიჰყავს იესოს თავისი მოწაფეები. არაფერს და არავის შეუძლია შეუშალოს ხელი ადამიანს, შესძახოს იესოს, რომელიც იახლოვებს მას. ბეთსაიდას ბრმის განკურნებისაგან განსხვავებით, რაც თითქმის უჩუმრად მოხდა (მარ 8,22-26), ბარტიმეოსის განკურნება ხდება ხალხის შუაგულში. იესო არ მიავლენს განკურნებულ სნეულს მის სოფელში: იღებს მას მათ შორის, რომლებიც მის კვალში დგანან. დადგა ჟამი, რათა იესოსაკენ გავეშუროთ, რათა მასთან მივიყვანოთ ყველა, ვისაც სურს “დანახვა”. აქ შეიძლება დავლანდოთ მინიშნება ნათლისღებაზე, რომელსაც სწორედაც რომ “ნათლის მიღების საიდუმლო” ჰქვია. 

მარკოზის სახარებიდან

იმ დროს, 10:46 იერიქოდან რომ გადიოდა იესო, თავის მოწაფეებთან და დიდძალ ხალხთან ერთად, გზის პირას იჯდა ბრმა მათხოვარი, ტიმეს ძე, ბარტიმეოსი. 10:47 როცა გაიგო, იესო ნაზარეველიაო, მორთო ყვირილი და ამბობდა: “იესო, დავითის ძეო, შემიწყალე!” 10:48 ბევრი უწყრებოდა მას, რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ უფრო მეტად ყვიროდა: “დავითის ძეო, შემიწყალე!” 10:49 და შედგა იესო და თქვა: “დაუძახეთ მას.” და დაუძახეს ბრმას და უთხრეს: “ნუ გეშინია, ადექი, გეძახის.” 10:50 მან გადაიგდო მოსასხამი, ადგა და მივიდა იესოსთან. 10:51 მიუგო მას იესომ და თქვა: “რა გინდა, რომ გაგიკეთო?” ბრმამ უთხრა: “რაბუნი, რომ თვალი ამეხილოს.” 10:52 იესომ უთხრა მას: “წადი, შენმა რწმენამ გიხსნა.” და მყისვე აეხილა თვალი და გაედევნა მას გზაზე. - სიტყვა უფლისა.

 

განშტოებანი და ექო

რათა აახილო ბრმა თვალები, პატიმართა გამოსაყვანად სატუსაღოდან, საპატიმროდან — ბნელეთში მსხდომთა. ვატარებ ბრმებს გზით, რომელიც არ იცოდნენ, მათთვის უცნობი ბილიკებით წავიყვან, მათ წინაშე სიბნელეს სინათლედ ვაქცევ და ოღრო-ჩოღროებს — ვაკეებად (ეს 42,7-16).

იესომ უთხრა დავრდომილს: “გამაგრდი, შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები” (მთ 9,2).

“ჰოი, დედაკაცო! დიდია შენი რწმენა. მოგეცეს, როგორც შენ გსურს.” და იმავე საათში განიკურნა მისი ქალიშვილი (მთ 15,28).

ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას: აქედან იქით გადადიო, იგი გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი (მთ 17,20).

ვინაიდან თქვენ ყველანი ღვთის შვილები ხართ ქრისტე იესოში რწმენით (გალ 3,26).

ვინც არ გინახავთ და გიყვართ, თუმცა ვერ ხედავთ, მაგრამ გწამთ, ხარობთ გამოუთქმელი და დიდი სიხარულით, თქვენი რწმენით აღწევთ სულების ხსნას (1პეტრ 1,8-9).

ყოველი ღვთისგან შობილი სძლევს სოფელს. და ეს არის ძლევა, სოფლის მძლეველი, ჩვენი რწმენა (1იო 5,4).

მიიღე ქრისტე, მიიღე ხედვის უნარი, მიიღე ნათელი რათა კარგად გაიცნო ღმერთი და ადამიანი. სიტყვა, რომელმაც განგვანათლა ოქროსა და თვალ-მარგალიტზე ძვირფასია, თაფლსა და ფიჭაზე უტკბესი (ფს19,11). როგორ არ იქნება სასურველი და სანატრელი იგი, ვინც განანათლა სული დაფლული წყვდიადში და განაღო ნათლის მატარებელი სულიერი თვალნი? როგორც მზის გარეშე, მიუხედავად ყველა ვარსკვლავისა, ყოველივე იქნებოდა ღამე, ასევე, რომ არ შეგვეცნო სიტყვა და არ განვნათლებულიყავით მისით, არაფერი განგვასხვავებდა პირუტყვისაგან, რომელიც მუცელს იყორავს საკვებით, ვინაიდან მოვსუქდებოდით წყვდიადში და მოვშენდებოდით სიკვდილში. მაშ, კარი გავუღოთ ნათელს, რათა მივიღოთ ღმერთი; კარი გავუღოთ ნათელს და ვიქცეთ უფლის მოწაფეებად.
(კლემენტ ალექსანდრიელი, მოხმობა ბერძნებს)

ვხედავდე? ვხედავდე, რას?, მკითხავთ, ალბათ. არა ვარ ბრმა, მადლობა ღმერთს! და მაინც, რაც უნდა დავინახო თქვენც მშვენივრად იცით... დავინახო, რომ სიყვარულია, ჩვენკენ რომ მოდის მტკივნეული მოვლენის საფარქვეშ, დავინახო, რომ ღმერთის ტკბილი და ფაქიზი ხელი, და არა არარაობის ნიჩაბი მოკრებს ამდენ ცრემლსა და ამდენ დახოცილს, დედამიწის ოთხივ კუთხიდან. დავინახო, თუ რაგვარად მიემართება, ყველაფრის მიუხედავად, ეს ჩვენი დალეწილი არსებობა მარადიული სასუფევლისაკენ. დავინახო ანარეკლი, ერთი ანარეკლი მაინც, აღდგომისა აქ, ტანჯვისა და ეჭვების ამ ქვეყანაზე. დავინახო, რომ სამართალია ქრისტეს სახე, რომელიც ამოანათებს ღატაკთა ჰორიზონტზე. დავინახო, რომ არსებობს იმედი, რომელიც არ დაგვიკარგავს, არსებობს ჭეშმარიტება, რომელიც არ დალეწილა. დავინახო საკუთარი თვალით, საკუთარი გონებით ვიხილო.
(A. M. Besnard, “დაე, ვხედავდე”)

მე ვლაპარაკობ, რადგან მიყვარს / სახე შენი, ჯერ არ ხილული: / ჯერ ჰორიზონტზეც კი არა ჩანს / ეს შენი სახე გაკვირვებული, / რომ მოაპობს ტალღებს ჩემსკენ / ჩემი წლების ოკეანეზე. / გამოეშურე ჩემსკენ, კოლუმბო, და მოდი მალე: / ჩემი სულის ამერიკაც აღმოაჩინე.
(B. Bodart, მარილის გზა და სხვა ლექსები)


ორშაბათი
26 ოქტომბერი 2015

პირველი საკითხავი

ღვთის შვილთა სული — ღმერთი მოგვიხმოებს, ვიყოთ მისი შვილნი. უპასუხო ამ მოწოდებას, ნიშნავს, უპირველეს ყოვლისა, იყო დამყოლი ღმერთის მხოლოდშობილი ძის სულისადმი, რომელსაც მხოლოს ძალუძს მოგვაწოდოს ღვთიური სიცოცხლე და მოგვცეს ძალა, მივყვეთ იესოს იმ გზაზე, რომელიც თავად გაიარა მამის ნების აღსასრულებლად და ჩვენს შესაყვანად მის დიდებაში.

პავლე მოციქულის წერილიდან რომაელთა მიმართ

ძმანო, 8:12 ჩვენ ხორცის მოვალენი არა ვართ, რომ ხორციელად ვიცხოვროთ. 8:13 ვინაიდან, თუ ხორციელად ცხოვრობთ, სიკვდილი არ აგცდებათ, ხოლო თუ სულით აკვდინებთ ხორციელ საქმეებს, იცოცხლებთ. 8:14 რადგან ისინი, ვინც ღვთის სულით წარიმართებიან, ღვთის შვილები არიან. 8:15 ვინაიდან არ მიგიღიათ მონობის სული, რათა კვლავ შიშით იყოთ, არამედ მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: “აბბა, მამაო!" 8:16 სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ. 8:17 ხოლო თუ შვილები — მემკვიდრენიც, ღვთის მემკვიდრენი, და ქრისტეს თანამემკვიდრენი, თუ სინამდვილეში მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად ვიდიდოთ კიდეც.


რესპონსორიული ფსალმუნი

.: ჩვენი ღმერთი მხსნელი ღმერთია.
67:2 აღდგეს ღმერთი, რომ განიბნენ მისი მტრები,
და მისი მოძულენი უკუიქცნენ მისგან.
67:4 ხოლო მართალნი გაიხარებენ
და მოილხენენ ღმერთის წინაშე,
და სიხარულით იზეიმებენ. .
67:6 იგია მამა ობოლთა და მსაჯული ქვრივთა, ღმერთი, მის საწმიდარში რომ დაივანებს;
67:7 ღმერთი, რომელიც ბინას აძლევს ეულებს,
გამოჰყავს ტყვეები სიხარულით, .
67:20 კურთხეულ არს უფალი დღითი დღე,
ზრუნავს ჩვენზე ღმერთი ჩვენი მშველელი.
67:21 ღმერთი არის ჩვენთვის ღმერთი მშველელი,
და უფალი ღმერთის ხელში არის
სიკვდილის გასაღები. .

სახარება

ღმერთს მუდამს სურს განგვკურნოს და გამოგიხსნას — შაბათი ადამიანის გასახევებად როდია შექმნილი, არამეთ მის გასათავისუფლებლად; არ შექმნილა საიმისოდ, რომ ადამიანისათვის სიკეთის კეთებაში შეეშალა ხელი, არამედ ღმერთის ჭვრეტაში რომ დახმარებოდა, იმ ღმერთისა, რომელიც არასოდეს იღლება ადამიანის სასიკეთოდ ქმედებაში.

ლუკას სახარებიდან
იმ დროს, იესო 13:10 ასწავლიდა მათ ერთ სინაგოგაში შაბათს. 13:11 და აჰა, იქ იყო დედაკაცი, რომელიც თვრამეტ წელიწადს შეპყრობილი იყო სნეულების სულით, და იყო დაკრუნჩხული და წელში ვერ იმართებოდა. 13:12 დაინახა იგი იესომ, დაუძახა და უთხრა მას: “დედაკაცო, თავისუფალი ხარ შენი სნეულებისაგან.” 13:13 დაადო ხელები და მაშინვე გაიმართა იგი, და ადიდებდა ღმერთს. 13:14 განრისხდა სინაგოგის მთავარი, შაბათს რომ განკურნა იესომ, და უთხრა ხალხს: “ექვსი დღეა, როცა შეიძლება რაიმეს კეთება. ამ დღეებში მოდით და განიკურნეთ, ოღონდ შაბათს არა.” 13:15 მიუგო მას უფალმა და უთხრა: “თვალთმაქცო, განა ყოველი თქვენგანი არ უშვებს შაბათობით ბაგიდან თავის ხარს ან ვირს და არ მიჰყავს წყლის დასალევად? 13:16 ხოლო ეს აბრაამის ასულია, რომელიც უკვე თვრამეტი წელიწადია შეკრული ჰყავდა სატანას. შაბათ დღეს არ შეიძლებოდა გამოხსნილიყო ამ ხუნდებიდან?” 13:17 როცა ამას ლაპარაკობდა, ყველა მის მოწინააღმდეგეს რცხვენოდა. ხოლო მთელი ხალხი ხარობდა მის დიდებულებათა გამო, რასაც სჩადიოდა.

სახარებისეული ლოცვა

უფალო, თავისუფლების ღმერთო, რომელმაც გაუწოდე ადამიანს მეშვიდე დღის დასვენება, გვასწავლე, არ ვამახინჯებდეთ ცნებათა მნიშვნელობას, რომლებიც მონობის კანონებივით როდი მოგვეცი, არამედ თავისუფლების იარაღად. და მოგვანიჭე მადლობა გიძღვნათ ყოველ ნაბიჯზე იმ საბოლოო გამოხსნისათვის, იესო ქრისტეში რომ აღასრულე, შენს ძესა და ჩვენს უფალში.

განაზრებისათვის

შაბათ დღეს არ უნდა გამოხსნილიყო ამ ხუნდებიდან? (ლკ 13,16)
Ama et fac quod vis. გიყვარდეს და რაც გინდა ქენი.
(წმ. ავგუსტინე)

სამშაბათი
27 ოქტომბერი 2015

პირველი საკითხავი

ადამიანური ტკივილის საზრისი: მშობიარობის ტკივილები — ღვთის სული უკვე ჩვენშია, და გვანიჭებს ახალი სამყაროს იმედს, რომელშიც ღმერთის ყოველი შვილი იცხოვრებს თავისუფლებითა და სიხარულით. ეს იმედი როდი აუქმებს ტკივილს, ხშირად რომ ამძიმებს ადამიანებს, არამედ ავლენს მის მნიშვნელობას: ეს ტკივილი მშობიარობის ნიშნებია.

პავლე მოციქულის წერილიდან რომაელთა მიმართ

ძმანო, 8:18 ვფიქრობ, რომ ახლანდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან, რომელიც გამოცხადდება ჩვენს მიმართ. 8:19 ვინაიდან ქმნილება იმედით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას. 8:20 რადგან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის მიერ, სასოებით, 8:21 რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის.  8:22 ვინაიდან ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე, 8:23 და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, რომელთაც სულის პირველი ნაყოფები გვაქვს, ჩვენ თვითონაც ვკვნესით გულში, მოველით რა შვილებას და ჩვენი სხეულის გამოსყიდვას. 8:24 ვინაიდან სასოებით ვიქენით დახსნილნი. ხოლო ხილული სასოება არ არის სასოება, ვინაიდან, თუკი ხედავს კაცი, რაღას ესავს? 8:25 ხოლო თუ იმის სასოება გვაქვს, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას.

რესპონსორიული ფსალმუნი

.: დიდი საქმენი მოიმოქმედა უფალმა ჩვენთვის.
125:1 როცა აღადგინა უფალმა სიონის ხვედრი
თავი სიზმარში გვეგონა.
125:2 მაშინ აივსო სიცილით ბაგე ჩვენი,
და ენა ჩვენი — გალობით; 
მაშინ ამბობდნენ წარმართთა შორის:
“დიადი საქმე მოიმოქმედა უფალმა მათთან.”
125:3 დიადი საქმე მოიმოქმედა უფალმა ჩვენთან,
გავმხიარულდით. .
125:4 აღგვიდგინე, უფალო, ხვედრი,
ვით ნაკადები ნეგების მიწაზე.
125:5 ცრემლით მთესველნი
სიმღერით მოიმკიან. .
125:6 მიდის და ტირის
მთესველი თესლისა,
მოდის და სიმღერით
მოაქვს თავისი ძნები. .

სახარება

ღვთის სასუფევლის საიდუმლო — ღვთის სასუფევლის შესახებ ჩვენი წარმოდგენები დაკავშირებულია ადამიანურ ორგანიზაციებთან, მათი სტრუქტურითა და მოქმედების ძლიერი საშუალებებით. ღვთის სასუფეველი კი წინ მიიწევს გაცილებით უფრო თავმდაბლად, როგორც მცირე მარცვალი, ან ცომში ჩამალული მცირეოდენი საფუარი. ესაა ყოვლისმპყრობელის მოქმედების საიდუმლო, ვინც თავმდაბლების მიერ მოქმედებს.

ლუკას სახარებიდან
იმ დროს, იესო 13:18 ამბობდა: “რას შეჰგავს ღვთის სასუფეველი და რას ვამსგავსო იგი? 13:19 იგი შეჰგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ბოსტანში. გაიზარდა იგი და იქცა ხედ და მის ტოტებში ცის ფრინველებმა დაიბუდეს.” 13:20 და კიდევ თქვა: “რას ვამსგავსო ღვთის სასუფეველი? 13:21 იგი შეჰგავს საფუარს, რომელიც დედაკაცმა აიღო და ჩაფლა სამ საწყაო ფქვილში, ვიდრე მთლიანად გაფუვდებოდა.”

სახარებისეული ლოცვა

უფალო ღმერთო, შენა ხარ ყანის პატრონი, გვასწავლე ხანგრძლივი დამწიფების მოთმინება, მაგრამ, ქმენ აგრეთვე, რომ არასოდეს მივატოვოთ ჩვენი ვალდებულება, რათა შენი სათქმელი, ჩვენი უძლურებით ნაუწყები წუთისოფელში, იყოს უძლეველი სტიმული, რომელიც გააფუვებს მთელ ისტორიას შენი სასუფევლის დადგომის დღემდე. შეგთხოვთ ამას შენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.

განაზრებისათვის

გაიზარდა მარცვალი და იქცა ხედ. (ლკ 13,19)
ერთადერთი ნუგეში და გამხნევება, რაც კმარა ჩვენი შინაგანი სიმშვიდისათვის, იმის ცოდნაა, რომ მაცხოვარი იესო ჩვენთან შედარებით გაცილებით უფრო მონდომებულია ადამიანთა სახსნელად, რომ მას სურს იხსნას ისინი ჩვენი დახმარებით, მაგრამ ეს მისი მადლია რომ იხსნის მათ შინაგანად. მისი მადლი არ დაიგვიანებს თავის დროზე.
(იოანე XXIII)