რომელი შეხვედრა?

შეხვედრა, რომელიც ა.წ. 10 აპრილს შედგა საქართველოს პრეზიდენტს, ბ-ნ გ. მარგველაშვილსა და პაპ ფრანცისკეს შორის… ოფიციალური წყაროები „გულთბილ  საუბრებზე“ იუწყებოდნენ, რამაც საშუალება მისცა მხარეებს, ორმხრივი ურთიერთობის განვითარების გზები შეეფასებინათ  და საერთო ინტერესებზე ესაუბრათ, სადაც ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში ადგილობრივი კათოლიკე თემის დადებითი წვლილი საგანმანათლებლო და საქველმოქმედო სფეროში. როგორ შეხვდა ამ მოვლენას მასმედია?

ბუნებრივია, მათ ისაუბრეს ამის შესახებ, მაგრამ ასევე მალე დაივიწყეს ეს. ვიღაცას შეეძლო ეფიქრა: როგორი შემთხვევა გაუშვეს ხელიდან! სხვამ კი თქვას: შეხვედრა იმიტომ შედგა, რომ საქართველოს ცუდად არ გამოსვლოდა, რადგანაც კავკასიის ყველა ქვეყნის პრეზიდენტი უკვე იყო პაპთან ვიზიტით... მაგრამ რამხელა რეზონანსი ჰქონდა სხვა ქვეყნებში ამ სახის შეხვედრას!

კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა შედგა ა.წ. 12 აპრილს, კვირას: სომხეთის უზენაეს სასულიერო და პოლიტიკურ ხელისუფლებასა და ვატიკანს შორის, გენოციდის მოსაგონებლად. ნუთუ ნამდვილად იყო  გენოციდი? რომელ გენოციდზეა საუბარი? აჰ, სომხების... გასულ საუკუნეში რომ მოხდა... როცა პაპი ფრანცისკე მასზე გაბედულად ალაპარაკდა, მაშინვე მის წინააღმდეგ აღდგა თურქეთის მთავრობა და გაეროს გენერალურმა მდივანმაც თავისი სიტყვები უკან წაიღო.

და ბოლოს, შეხვედრა, რომელიც ახალმონათლულ ქრისტიანებსა და მკვდრეთით აღმდგარს შორის მოხდა ამ აღდგომის ჟამს; ეს იყო უფალთან შეხვედრა მათ ცხოვრებაში, თავიანთ ეკლესიაში.. . დიახ, ქრისტიანობა, პირველ რიგში, მორალი კი არა,  ცოცხალ უფალთან შეხვედრაა, როგორც ეს განიცადა მარიამ მაგდალელმა, მოციქულებმა პეტრემ, იოანემ და თომამ, შაბათის შემდეგ პირველ დღეს. უწინდებურად, როგორც დღეს, „თუ არ ვიხილავ ნალურსმევს...“ იგი მოჩვენებად დარჩება; ზოგს სწამს, რომ მისმა სხეულმა სახე იცვალა სამარხში; ზოგისთვის დღეს რწმენის ყველაზე დიდი დასტური „წმიდა ცეცხლია“,  რომელიც ზეციდან გადმოდის უფლის სამარხზე, იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქის შესვლისას... თითქოს ღმერთი დგას და მხოლოდ ამ წუთებს ელის!  მაშ, ვიღასთვის ითქვა  „ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და  მირწმუნეს“? აქვს კი აზრი მომხდარ შეხვედრაზე საუბარს?

და აქვე, რატომ არ უნდა ვისაუბროთ იმ შეხვედრებზე, რაც არასოდეს მომხდარა მრავალი ადამიანის ცხოვრებაში; მათ ცხოვრებაში, ვინც თავს ათეისტად, გნოსტიკოსად, თეისტად, დეისტად, ურწმუნოდ თვლის... იმ იმედით, რომ...?

ცნობილი ფაქტია, რომ დიდი ფიზიკოსი ალბერტ აინშტაინი, რომელსაც 18 აპრილს გარდაცვალებიდან 60 წელი შეუსრულდა, აღიარებდა ღმერთის არსებობას, მაგრამ არასოდეს განუცდია ღმერთთან შეხვედრის სიხარული. რატომ? დღეს ხალხი საუბრობს მის გენიაზე, მის არაორდინალურობაზე... იხსენებენ მის ცნობილ აფორმიზმს „ ყველაფერი შეფარდებითია“, რითაც სინამდვილეში სურდა ეჩვენებინა, რომ სამყაროში არსებობს უზენაესი ძალა. ფარდობითობის  თეორიის მამა თავისი სოციალური საქმიანობითაც გამოირჩეოდა, ასევე იბრძოდა მშვიდობისა და განიარაღებისთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ხიროსიმაში (6 აგვისტო, 1945წ.)  ატომური ბომბი ჩამოაგდეს, რაშიც იგი თავის წილ პასუხისმგებლობასაც გრძნობდა მეცნიერულ აღმოჩენათა გამო. ... ცნობილია, ასევე, მისი ფრაზა „მეცნიერება რელიგის გარეშე კოჭლია და რელიგია მეცნიერების გარეშე ბრმა“, მაგრამ როგორი შეხედულება ჰქონდა ღმერთსა და რელიგიაზე? ეს დღესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

იგი უხეშად საუბრობდა ღმერთზე,  როგორც „ ადამიანური სისუსტის პროდუქტსა და გამოხატულებაზე; თვლიდა, რომ ბიბლია იყო ,,ღირსეული, მაგრამ პრიმიტიული, უმეტესად ინფანტილური, ლეგენდების კრებული“. თუმცა, 1929 წელს ასეთი კომენტარი გააკეთა: „არავის შეუძლია დღეს,  წაიკითხოს სახარება და არ შეიგრძნოს იესოს ჩვენს შორის მუდმივად მყოფობა. მისი პიროვნება თითოეულ სიტყვაში ფეთქავს. ისტორიაში არცერთი მითი არ გამოირჩევა ასეთი სიცოცხლისუნარიანობით“.

მაშ, რა არ მოხდა ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის (1921წ.) მფლობელი ამ დიდი გენიოსის ცხოვრებაში? ალბათ, ცხოვრებისეულ გარემოებათა გამო, იგი ვერ მივიდა აქამდე, ამ შეუდარებელ „ქრისტესეულ“  შეხვედრამდე. შეიძლება ეს პასუხად ჩაითვალოს?

წლევანდელი აღდგომის ჟამის დასასრულს, რომელიც 24 მაისს სულთმოფენობის დიდდღესასწაულით დაგვირგვინდება, ჩვენი ეპისკოპოსი ყველას გვიწვევს რაბათში ცისკრის ლოცვაზე, რათა გამორჩეულად  აღვნიშნოთ სულიწმიდის არსებობა იმ განსხვავებული და მრავალფეროვანი „ქარიზმებით“, რითაც ყველგან და, მით ემეტეს, აქ, საქართველოშიც, გამოირჩევა რელიგიური ცხოვრება. განა არ შეიძლება ეს ყველაფერი იმ  ძვირფას პირობად გადაიქცეს, რომელიც პირველ რიგში გვათქმევინებს არა ამ სიტყვას: „მე იქ ვიყავი“, არამედ „მე შევხვდი მას“?

მამა გაბრიელე ბრაგანტინი