მეოთხე მცნების განმარტება

მეოთხე მცნება:

„პატივი ეცი მამას შენსას და დედას შენსას“

მე პატივსა ვცემ ჩემს საწყისებს

 

 

დასაბამიდან ყოველ კულტურაში დაბეჯითებით ინერგებოდა მშობლებისადმი პატივისცემის ვალდებულება, რაც უმთავრესად შვილებში მორჩილების აღზრდას და მათი მხრიდან ყოველგვარი ამბოხის საწყისშივე აღკვეთას ემსახურებოდა. თუმცა, როცა ამ მცნებას შეუსაბამოდ იყენებენ აღმზრდელობითი მიზნით, ის შეიძლება მავნე აღმოჩნდეს, მიზნის საწინააღმდეგო ნაყოფი გამოიღოს. მართლაც, შვილები ან იმდენად დაშინდებიან, რომ აღარ ჰყოფნით სითამამე, მშობლებს შეეპასუხონ, ან შორდებიან მათ. ისინი ძალიან დიდი ხნის მანძილზე უგდებდნენ ყურს მშობლებს, თუმცა, არა საკუთარი გულის კარნახს. ანდა, შვილები ამბოხების, ამხედრების გადაწყვეტილებას იღებენ და ამ მცნების გაგონებაც აღარ სურთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შვილებმა მართლაც შეძლეს მშობლების ძალაუფლებისგან გათავისუფლება: დანაშაულის უხილავი, მაგრამ რეალური გრძნობა კვლავაც აკავშირებს მათ მშობლებთან (ხშირად იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს უკანასკნელნი ცოცხლები აღარ არიან).

მშობლების პატივისცემის მცნება, რეალურად, ბავშვებისა და მოზარდებისათვის კი არაა, არამედ ზრდასრული ადამიანებისათვის: „ეს აღმზრდელობითი რჩევა არ არის, ის სულ სხვა მიზანს ემსახურება“[1]. ძველად, ისრაელში არ იყო მკაფიოდ განსაზღვრული, რომ მოხუცებულ მშობლებზე ზრუნვა იყო საჭირო და მოხუცები ხშირად მარტოობაში ასრულებდნენ სიცოცხლეს. ამიტომაც ღმერთმა მშობლების მხარე დაიჭირა, რათა ისინი შვილების მიერ უგულებელყოფისგან დაეცვა. დედისა და მამის პატივისცემა უმთავრესად ნიშნავს იმის უზრუნველყოფას, რომ მათ მოხუცებულობაშიც შეძლონ მშვიდად და ღირსეულად არსებობა.

მშობლების მიმართ პატივისცემა კურთხევის დაპირებას უკავშირდება: „რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი“ (გამ. 20,12; შდრ. რჯლ 5,16). როცა შვილები პატივს არ სცემენ მშობლებს და არ ზრუნავენ მათზე, ისინი თავიანთ მასაზრდოებელ სასიცოცხლო ფესვს აზიანებენ, ფესვის გარეშე კი აყვავება და ნაყოფის გამოღება შეუძლებელია. ვინც მშობლებისგან მიღებულ სიბრძნესა და გამოცდილებაზე უარს ამბობს, კარგავს საყრდენს და ნავსაყუდელს, რომელსაც მისი წინაპრები წარმოადგენენ.

მშობლების მიმართ პატივისცემა საკუთარი თავისადმი პატივისცემასთან ერთად უნდა განვიხილოთ. როცა პატივს ვცემ მათ, რომლებმაც სიცოცხლე მაჩუქეს და მათი სიკვდილის შემდეგაც ვინარჩუნებ მათ მიმართ მოწიწებას, ერთგვარად განვაგრძობ მათით ცხოვრებას, ვინარჩუნებ კავშირს ნაკადთან, რომელმაც მშვა, და მისგან სტაბილურობისა და სიმტკიცის შეგრძნებას ვიღებ.

საკმაოდ ბევრ ადამიანს უჭირს მეოთხე მცნების დაცვა. ყოველი ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ის, თუ საკუთარი გზით სიარულს აპირებს, მშობლებისგან უნდა განცალკევდეს. სწორედ ეს განცალკევება ჰქონდა მხედველობაში იესოს, როცა, რჯულის სიტყვებზე დაყრდნობით, განაცხადა: „ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკრობა თავის ცოლს და ორნი იქნებიან ერთ ხორცად“ (მათ. 19,5; რჯლ 24,1). ქორწინება უფრო წარმატებული იქნება, როცა მეუღლეს (მამაკაცსა თუ ქალს) მშვიდად ძალუძს მშობლიური ოჯახისგან დისტანცირება. მაგალითად: ქალი საკმაოდ შეზღუდული იქნება ქორწინებაში ისეთი მამაკაცის გვერდით, რომელიც კვლავაც რჩება დედის გავლენის ქვეშ და ყოველ ნაბიჯზე მას მიმართავს დახმარებისთვის. ზოგი მამაკაცი დაქორწინებისას მეუღლეში დედას ეძებს და დამჯერი შვილივით იქცევა მასთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში ქალი არა ქმარს, არამედ შვილს გაჰყოლია ცოლად. საპირისპიროც ხდება: მამაზე მეტისმეტად დამოკიდებული ქალი ძნელად ეგუება თავის გვერდით სხვა მამაკაცის არსებობას. მეუღლე ვერასდროს გაუთანაბრდება მის თვალში მშობელს და მას ძალიან გაუჭირდება ქმრის სათანადოდ დაფასება.

თითოეული ჩვენგანი ინსტინქტურად მშობლების მადლობელია ყოველივე იმისათვის, რაც მათ გააკეთეს და გადმოგვცეს. მეორე მხრივ, თითქმის ყველა ჩვენგანს აქვს სწორედ მშობლების მიერ მიყენებული იარები; თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის გამო მშობლები სამუდამოდ დავივიწყოთ და მოვიძულოთ. ზოგისთვის სწორედ მეოთხე მცნების გამოა რთული ამ იარებისთვის თვალის გასწორება, აღიარება, რომ ისინი ჯერაც ღიაა და მტკივნეული, და შემდეგ მათ განკურნებაზე ზრუნვა. მშობლების პატივისცემა არ ნიშნავს, რომ მათ ყველაფერი უნდა ვაპატიო და ნებისმიერ ფასად დავიცვა: ეს გაჯანსაღებაში ვერ დამეხმარება. პირიქით, უნდა შემეძლოს მათი სისუსტეების აღიარება, იმის გაცნობიერება, რომ, შესაძლოა, ტკივილი მომაყენეს, რომ გაბრაზებული და იმედგაცრუებული ვარ, ისეთი მშობლები რომ არ მყავს, როგორსაც ვისურვებდი.

თუმცა, იარების გამო მხოლოდ საყვედური არ შემიძლია: მიტევებაც მმართებს. პატიება მანიჭებს იმის აღქმის უნარს, თუ რამდენი დადებითი მივიღე მემკვიდრეობით ჩემი ოჯახისგან, მაცნობიერებინებს, რომ, მიუხედავად საკუთარი საზღვრებისა და ნაკლოვანებებისა, ჩემმა მშობლებმა აღმზრდელების როლი იტვირთეს.

მშობლების დაფასება, პირველ რიგში, მათ პატივისცემას ნიშნავს. თუკი ჩემი მშობლების მიმართ სიძულვილის გრძნობა დამეუფლება, ამით ჩემი პიროვნების ნაწილსაც შევიძულებ. მომიწევს მთელი რიგი ცრუ შეხედულებების გაზიარება, რომლებსაც ჩვეულებრივ მიაწერენ „ბებრებს“: „შეზღუდულები და სულელები  არიან, ინტუიცია ღალატობთ, იდეების ნაკლებობით გამოირჩევიან, პოლიტიკაში მემარჯვენე პოზიციებს იზიარებენ, ფართო თვალსაწიერი არ გააჩნიათ...“. ამგვარად საკუთარი თავისა და იმ გარემოს ერთ ნაწილსაც გავაუფასურებდი, სადაც გავიზარდე, და რომელმაც გავლენა იქონია ჩემზე. შესაძლოა, ჩემი მშობლების შემრცხვეს კიდეც, რაც ნამდვილად არ არის სიკეთის მომტანი. „ვისაც მშობლების პატივისცემა არ შეუძლია, თავის თავს უნდა ჰკითხოს: ჩემს სიცოცხლეს თუ ვცემ პატივს?“[2].

უნდა შემეძლოს მშობლების პატივისცემა მათი ფუჭად ჩავლილი წვალებისა და შრომისთვისაც; წინააღმდეგ შემთხვევაში, თავის დროზე როგორ შევძლებ საკუთარი წარუმატებლობისა და, შესაძლოა, ჩემი აშკარად უსარგებლო ცხოვრების მიღებას?

მეოთხე მცნების თემაზე შექმნილი ნაშრომების გაცნობისას, შევამჩნიე, რომ ყოველი ეპოქა საკუთარ აქცენტებს გამოხატავს. მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების დასაწყისში ცოტას საუბრობდნენ შვილების მხრიდან მშობლების პატივისცემის შესახებ. პირიქით, ხაზგასმული იყო პატივისცემა, რომელიც მშობლებს უნდა გამოეჩინათ შვილების მიმართ. უდავოა, მსგავსი მიდგომა იმ ახალგაზრდა თაობის მკაცრად კრიტიკულმა პოზიციამ განაპირობა, რომელმაც 1968 წელს რევოლუცია მოაწყო. მშობლები პირდაპირი გაგებით იქცნენ სამიზნედ, მათ ყველაფრის არასწორად კეთებაში ადანაშაულებდნენ.

დღეს სურათი საგრძნობლად შეცვლილია. მშობლებს შთაბეჭდილება რჩებათ, რომ შვილები ყველაფერს აკეთებენ, რათა ისინი გამოიყენონ. მშობლებს განზრახული ჰქონდათ იმისგან განსხვავებული აღმზრდელობითი პროექტის განხორციელება, რომელიც თავად გამოსცადეს. მათ სურდათ, გვერდში დადგომოდნენ შვილებს, მაგრამ სიმკაცრისა და დასჯის გარეშე. თუმცა, მხედველობიდან გამორჩათ რამდენიმე მკაფიო და აუცილებელი ზღვარის დაწესების საჭიროება. როცა ბავშვი გარკვეულ წესებს არ ექვემდებარება, ადვილად იქცევა უკონტროლოდ და საბოლოოდ ამის შედეგი შეიძლება საკუთარი მშობლების მიმართ პატივისცემის დაკარგვა გახდეს. მშობლები იმდენად იქნებიან შვილებისგან დაფასებულნი, რამდენადაც აღზრდიან მათ საამისოდ.

ყველანი ვიცნობთ ორმოციდან სამოც წლამდე ასაკის ადამიანებს (უმთავრესად ქალბატონებს: ქალიშვილებს ან რძლებს), რომლებიც პირადად ზრუნავენ საკუთარ მშობლებზე ან ნათესავებზე, ხშირად არც ისე მცირე მსხვერპლის გაღების ფასად. ისინი მეოთხე მცნებას მისდევენ და არ იმსუბუქებენ ტვირთს მოხუცებულთა თავშესაფრის საშუალებით. ეს ადამიანები აღტაცებას იწვევენ, იმსახურებენ გამხნევებას და, შეძლებისდაგვარად, დახმარებას. თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ ზოგჯერ შევახსენოთ მათ, ობიექტურად შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები. არაფერს შეუძლია აიძულოს ისინი, გასცდნენ საკუთარ რეალურ შესაძლებლობებს, მოსთხოვონ საკუთარ თავს მეტისმეტად ბევრი. ზოგჯერ, კრიტიკულ ვითარებაში – გადაღლისა და რთული მდგომარეობის მიზეზით, შესაძლოა, უპატივცემლოდაც კი მოეპყრან მოხუცებს. მშობლების პატივისცემა აგრეთვე საკუთარ თავზე ზრუნვასაც ნიშნავს.

ერთი ქალბატონი გამომიტყდა, რომ ამოწურა მოხუცებული დედის გაძლების ყველა საშუალება. დედა კვლავაც ელოდა ქალიშვილისგან ყოველგვარ მომსახურებას. შევეკითხე: „რატომ ხართ ასე განერვიულებული? ბუნებრივია,  რომ დედა შვილებისგან ყურადღებას მოელის. სავარაუდოდ, თქვენც იგივე განცდა დაგეუფლებათ, როცა მოხუცდებით. თუმცა, თქვენი გადასაწყვეტია, რა ზომით დააკმაყოფილებთ მშობლის მოთხოვნებს, იმგვარად, რომ ეს გადაწყვეტილება ტვირთად არ გექცეთ. ეს პიროვნული გადაწყვეტილებაა. გარდა ამისა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ დედათქვენს შესწევს უნარი, სრულად ესმოდეს ვითარება.“

როცა ჩემთვის საყვარელ ადამიანს, რომლის დახმარებაც მსურს, ჩემი საზღვრების წინაშე ვაყენებ, ესეც პატივისცემის გმოხატვის ერთ-ერთი ხერხია და მისი მეშვეობით შესაძლებელი ხდება ჩვენს შორის მშვიდი ურთიერთობის შენარჩუნება. ვინმეს დაფასება არ ნიშნავს ყველა მისი მოლოდინის დაკმაყოფილებას; ეს მისი და, ამავე დროს, საკუთარი თავის პატივისცემას გულისხმობს. ამ ურთიერთპატივისცემის ჩარჩოში ორივე მხარე სწავლობს და იზრდება: მშობლებიც და შვილებიც. თითოეული მხარე რაღაცას იღებს მეორისგან და მათ შორის არ იკარგება ურთიერთდაფასების გრძნობა.

იესო მეოთხე მცნებას იშველიებს ფარისეველთა გასაფრთხილებლად, რომლებიც ზედმიწევნით ასრულებენ რჯულის წესებს, თუმცა მთლიანად არღვევენ მის სულისკვეთებას. „ვინაიდან ღმერთმა თქვა: „პატივი ეცი მამას და დედას, და მამის ან დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდეს“. თქვენ კი ამბობთ: თუ ვინმე ეტყვის თავის მამას ან დედას: ეს შესაწირავია, რითაც ჩემგან უნდა გესარგებლაო, ამით პატივს არ სცემს თავის მამას და თავის დედას. ამრიგად, თქვენ გააუქმეთ ღვთის მცნება თქვენი ჩვეულებით“ (მათ. 15,4-6).

არსებითად, საუბარი იყო მკრეხელობაზე, საღვთო წესის აშკარა დარღვევაზე. ის, რაც შვილს მშობლების ღირსეული არსებობის უზრუნველსაყოფად უნდა გამოეყენებინა, შეიძლებოდა გამოცხადებულიყო „ღვთისთვის შეწირულად“, ანუ ტაძრის საკუთრებად, რაც მის სხვაგვარ გამოყენებას გამორიცხავდა. უღირსი საქციელია, ღვთისმოსაობის ნიღბის მოშველიება ღვთის ნების უგულებელსაყოფად: ღმერთს იშველიებენ მშობლების კუთვნილი კანონიერი დახმარებისა და პატივისცემის გარეშე დასატოვებლად.

ზოგჯერ იესოს სიტყვები თითქოს მეოთხე მცნების საწინააღმდეგოდაა მიმართული. მაგალითად, როცა ის მოგვიწოდებს, მივატოვოთ ყველაფერი, მათ შორის მშობლები, რათა მის მოწაფეებად ვიქცეთ. მავანს, რომელსაც სურს გაჰყვეს მას, მაგრამ მანამდე ითხოვს მამის დამარხვის შესაძლებლობას, იესო მკვახედ მიუგებს: „დაანებე მკვდრებს თავიანთი მკვდრების დამარხვა. შენ კი წადი და იქადაგე ღვთის სასუფეველი“ (ლუკ. 9,60). სხვა შემთხვევაში იესო ამბობს: „თუ ვინმე მოვა ჩემთან და არ მოიძულებს თავის მამას და დედას, ცოლსა და შვილებს, ძმებსა და დებს, საკუთარ სულსაც კი, იგი ვერ გახდება ჩემი მოწაფე“ (ლუკ. 14,26).

როგორ შეიძლება ამ სიტყვების ღვთის მცნებასთან შეთანხმება? ცხადია, იესოს ოჯახებში უთანხმოების გამოწვევა არ სურს. აქ მას ცალკეული ინდივიდის თავისუფლება აქვს მხედველობაში. თითოეულ ადამიანს მხოლოდ მშობლების მიმართ არ მართებს მორჩილება და პატივისცემა. არსებობს აგრეთვე შინაგანი ხმაც, რომლის მეშვეობითაც ღმერთი ესაუბრება მათ, ვინც თავისთვის აირჩია: უპირველეს ყოვლისა, ამ ხმას უნდა ვუსმინოთ. ამგვარად, იესო ადამიანს ათავისუფლებს საკუთარი თავის მიმართებაში; ის მას აგრეთვე მშობლების მოლოდინებისგანაც ათავისუფლებს. ამ თავისუფლებას დროთა განმავლობაში შეუძლია გაზრდა და მშობლების მიმართ ახალ, უფრო ძვირფას ყურადღებად გადაქცევა.

მსგავსი ვითარება გამოსცადა თავად იესომ, როცა თორმეტი წლის ასაკში მშობლების ყურადღებისთვის თავის დაღწევა არჩია, რათა ტაძარში, „თავისი მამის“ სახლში, დარჩენა შეძლებოდა და მშობლები აიძულა, ის სამი დღის მანძილზე ეძებნათ. იესომ ცხოვრებაში აირჩია გზა, რომლის არსიც დედამისს კარგად არ ესმოდა. ამიტომ, ერთ დღესაც მარიამმა გადაწყვიტა, თავად წასულიყო მასთან შესახვედრად, იმ იმედით, რომ შვილს დაარწმუნებდა, ოჯახში დაბრუნებულიყო.

ახლა კი ჯვარცმის ეპიზოდი გავიხსენოთ: „იესომ დაინახა იქ მდგომი დედა და მოწაფე, რომელიც უყვარდა, და ეუბნება დედას: ქალო, აჰა შენი ძე!“ (იოან. 19,26). მიუხედავად იმისა, რომ ამ სცენის სიმბოლურ მნიშვნელობას აღიარებს, მოციქული იოანე მას ისტორიულ და ადამიანურ განზომილებასაც ანიჭებს. საკუთარი მისიის შესასრულებად იესოს დედის მიტოვება მოუხდა, მაგრამ, სიკვდილის პირას მყოფი, იგი ზრუნავს, რომ დედამისი მარტო არ დარჩეს: დედას მისი მოწაფეების საზოგადოებაში შეუძლია ოჯახის პოვნა, სადაც მას, როგორც „იესოს მშობელს“, სცემენ პატივს. ლუკას სახარება გვიდასტურებს, რომ მარიამი მოწაფეებთან ერთად იმყოფება სულთმოფენობის დღეს, და, უეჭველია, მას დიდი პატივისცემით და მოწიწებით ეპყრობოდნენ.

თავად იესომ იწინასწარმეტყველა ეს ვითარება, როცა ერთმა ქალმა შესძახა მას: „ნეტარია მუცელი, რომელმაც შენ გატარა და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი“. მან კი თქვა: „ნეტარ არიან ისინი, ვინც მოისმენენ და დაიცავენ ღვთის სიტყვას“ (ლუკ. 11,27). ამგვარად, იესო აღიარებს, რომ დედამისი ისმენს და იცავს ღვთის სიტყვას. იესო პატივს სცემს დედას, როგორც ადამიანს, რომელიც სრულად მიენდო ღვთის ჩანაფიქრს და თავისი „იდუმალი“ ძის მისიას.

მეოთხე მცნების დადებითი ფორმულირება შეიძლება ამგვარად გამოიხატოს: მე პატივს ვცემ ჩემს საწყისებს. მშობლების პატივისცემა ნიშნავს მადლიერების გამოხატვას მის მიმართ, ვინც სიცოცხლე გვიბოძა, აღგვზარდა, დასაბამი მოგვცა. ვისაც საკუთარი წარმომავლობის, საწყისების მიმართ პატივისცემა არ გააჩნია, ერთგვარად ჰაერში გამოკიდებულივით არის. ასეთი ადამიანი მხოლოდ აწმყოში ცხოვრობს, არ იცის, თუ საიდან მოდის და საით მიემართება. ტერმინი „პატივისცემა, რესპექტი“ მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან respicere, რაც ნიშნავს “უკან მოხედვას,  ყურადღების მიპყრობას, დაფასებას“. როცა ჩემს წარმომავლობას ვითვალისწინებ, მხოლოდ მაშინ შემიძლია წინ ყურება. წინსვლა მაშინ შემიძლია, როცა ვითვალისწინებ და ვაფასებ დღემდე განვლილ გზას.

ჩემი წარმომავლობა მშობლებს უკავშირდება. მათ რომ ვუმზერ, ვხვდები, თუ ვინ ვარ, რა ისტორიის შედეგს წარმოვადგენ, რა ღირებულებებით ვარ აღზრდილი. ბიბლიის თანახმად, ამ საკვანძო საკითხების გარეშე ადამიანის ცხოვრებას არ ექნება კეთილი ბოლო. არ შეიძლება ამქვეყნად, ამ მიწაზე, ამ სამყაროს ისტორიაში არსებობა, თუ დროდადრო მზერა არ მივაპყარით ჩვენს წარსულს, ჩვენს ფესვებს, ძირს.

კარგად არის ცნობილი, რომ მრავალი ფსიქიკური დარღვევა მიჩქმალული ოჯახური საიდუმლოებებიდან მომდინარეობს. წარსულის შესახებ დაკვირვებით განსჯა შეიძლება დაგვეხმაროს იმაში, რომ აღარ გავიმეოროთ რაიმე მავნე ქცევა, რომელმაც, შესაძლოა, ჩვენი ოჯახის ისტორიას დაღი დაასვა. დღეს პოპულარულ დევიზად იქცა სიტყვები: „ვისაც წარსული არ ახსოვს, შეცდომების განმეორებისთვისაა განწირული“.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად არ ვიზიარებ ფსიქოლოგ ბერტ ჰელინგერის შეხედულებებს, ერთ საკითხში მას ვეთანხმები: ეს მშობლების მიმართ პატივისცემის გამოხატვის დაჟინებული მოწოდებაა. შვილს, თუნდაც მშობლებთან ურთიერთგაგების პრობლემების შემთხვევაში, მაინც უნდა შეეძლოს (მაშინაც, როცა მშობლები უკვე გარდაცვლილნი არიან), მათ წინაშე ქედის მოხრა და თქმა: „პატივს გცემთ, როგორც მამაჩემს და დედაჩემს. თქვენ მომეცით ის, რისი მოცემაც შეგეძლოთ. შესაძლოა, მე მეტს ველოდი, თუმცა მაინც მადლობელი ვარ იმისთვის, რაც გააკეთეთ. მუდამ მოწიწებით მოგიხსენიებთ“. ჰელინგერის აზრით, ამგვარი მიდგომა არის წინაპირობა იმისა, რომ ჩვენი ცხოვრება იყოს არსებითად მშვიდი და ნაყოფიერად დაკავშირებული ჩვენს ფესვებთან. ეს აგრეთვე საკუთარი თავის მიმართ გაცნობიერებული, ჯანსაღი პატივისცემის დამყარების პირობაა.

 

მეოთხე მცნების განმარტება ყმაწვილთათვის

ვიზრდები, დღე დღეს მიჰყვება და სეზონი სეზონს,

წელიწადები უგროვდებათ საყვარელ მშობლებს.

ჩვენი კავშირის საიდუმლო მასწავლე, უფალო,

მომეცი გული ხალისიანი, ფხიზელი, თბილი,

რადგანაც ამ უსასრულო სიყვარულის ჯაჭვში

ძვირფასი ნიჭია ერთად გატარებული ყოველი დღე,

ჩვენი ცხოვრება.

რას ნიშნავს პატივისცემა?

მესამე მცნების მსგავსად, მეოთხე მცნებაც პოზიტიური ფორმით არის ჩამოყალიბებული, თუმცა ყველა სხვა მცნებისგან განსხვავებით, მას დაპირება მოსდევს. გამოსვლის წიგნში ვკითხულობთ: „პატივი ეცი მამაშენსა და დედაშენს, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.“ ღმერთი სიკეთესა და ბედნიერებას გვპირდება ცხოვრებაში და ამ ნიჭის საიდუმლო მეოთხე მცნებაშია მოცემული.

ზუსტად რას ნიშნავს „პატივისცემა“? ეს რომ უკეთ გავიგოთ, დავუკვირდეთ თვით სიტყვას, რომელიც ებრაულ ენაში მნიშვნელობის მინიჭების, წონის მიცემის იდეას უკავშირდება. მშობლებს, მათ სიტყვებს, რჩევებს, საჭიროებებს, სურვილებს, „წონა უნდა ჰქონდეს“ ჩვენს ცხოვრებაში. მათ მნიშვნელობას უნდა ვანიჭებდეთ და ზედაპირულად არ უნდა ვუდგებოდეთ. მშობლებმა მოგვცეს სიცოცხლე, აღგვზარდეს, გვერდში გვედგნენ. მეოთხე მცნება გვასწავლის მათ პატივისცემას და მათთვის „წონის მინიჭებას“.

მეოთხე მცნება მშობლებისადმი მორჩილებაზე კი არ გვესაუბრება, არამედ რაღაც უფრო მნიშვნელოვანზე. ღმერთი მოგვიწოდებს, გვიყვარდეს ჩვენი მშობლები, გამოვხატოთ მათდამი ჩვენი ყურადღება და პატივისცემა კონკრეტული სიტყვებისა და ჟესტების მეშვეობით, მაგრამ უმთავრესად მოგვიხმობს, არ დავივიწყოთ მშობლები მაშინ, როცა მათ დავჭირდებით! როცა მშობლები მოხუცდებიან, დასნეულდებიან ან სხვადასხვა გასაჭირი შეაწუხებთ, შვილები მათ გვერდით უნდა იყვნენ და თანადგომა არ უნდა მოაკლონ.

სიტყვები

 

კვებეკელ ინდიელთა ეს მშვენიერი ანდაზა გვეხმარება მშობლებთან მაკავშირებელი ძვირფასი (და განუმეორებელი!) ურთიერთობის გაგებაში:

მშობლები ორ რამეს აძლევენ შვილებს:

ფესვებსა და ფრთებს: ფრთების სიდიდე

და ძლიერება ფესვების სიღრმესა

და სიმტკიცეზეა დამოკიდებული.

რაც უფრო მეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ფესვებს, ჩვენს ოჯახურ კავშირებს, რაც მეტად გვიყვარს ჩვენი მშობლები, ვითვალისწინებთ მათ  ისტორიას და მოგონებებს, მით მეტად გვექნება ფრთების გაშლის, სამყაროსადმი, მომავლისადმი, სიცოცხლისადმი გახსნის უნარი!  ეს არის იმ დაპირების არსი, რომელსაც ღმერთი გვაძლევს!

 

მომდევნო გვერდებზე გთავაზობთ ამონარიდებს კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმოს კომპენდიუმიდან, რომლებიც მეოთხე მცნებას უკავშირდება.

კომპენდიუმი წარმოადგენს კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმოში გადმოცემული რწმენის მოკლე შინაარსს, ძველი კატეხისტური ლიტერატურული ჟანრის სტილში – კითხვებისა და პასუხების სახით. ეს ერთგვარი იდეალური დიალოგია მოძღვარსა და მოსწავლეს შორის, წარმართული შეკითხვების მიმდევრობის მეშვეობით, რომლებიც მკითხველსაც გაიტაცებენ, და თავისი რწმენის ჭეშმარიტების ახალ-ახალი ასპექტების აღმოჩენისკენ გაუძღვებიან.

რას გვასწავლის კათოლიკე ეკლესია?

კათოლიკე ეკლესიის სატეხიზმოდან

  1. რას გვიბრძანებს მეოთხე მცნება?

მეოთხე მცნება გვიბრძანებს, პატივი მივაგოთ და მოწიწებით მოვეპყრათ ჩვენს მშობლებსა და იმ ადამიანებს, ვისაც ღმერთმა, ჩვენდა სასიკეთოდ, საკუთარი ავტორიტეტი მიანიჭა.

კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმო, 2196-2200; 2247-2248

  1. როგორია ოჯახი ღმერთის ჩანაფიქრის თანახმად?

ქორწინებით დაკავშირებული მამაკაცი და ქალი შვილებთან ერთად ქმნიან ოჯახს. ღმერთმა დააწესა ოჯახი და მისი ძირეული წყობა. ქორწინება და ოჯახი მეუღლეების სიკეთეს, შთამომავლობის გაჩენას და აღზრდას ემსახურება. ოჯახის წევრებს შორის მყარდება პიროვნული ურთიერთობები და ძირითადი  პასუხისმგებლობები. ქრისტეში ოჯახი იქცევა საშინაო ეკლესიად, რადგანაც ის არის რწმენით, იმედითა და სიყვარულით შექმნილი საკრებულო.

კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმო, 2201-2205; 2249

  1. რა ადგილი უკავია ოჯახს საზოგადოებაში?

ოჯახი საზოგადოების პირველადი უჯრედია და საზოგადო ავტორიტეტების მხრიდან მას უპირველესი აღიარების უფლება ეკუთვნის. ოჯახური ცხოვრების პრინციპები და ღირებულებები წარმოადგენს სოციალური ცხოვრების საძირკველს. ოჯახის ცხოვრება ინიციაციაა საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის.

კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმო, 2207-2208

  1. რა ვალდებულებები აკისრია საზოგადოებას ოჯახთან მიმართებაში?

საზოგადოებას გააჩნია ვალდებულება, დაეხმაროს ცოლ-ქმარსა და ოჯახს და წვლილი შეიტანოს მის განმტკიცებაში, სუბსიდირების (დახმარების) პრინციპის დაცვით. საზოგადოებრივი ძალაუფლება პატივს უნდა სცემდეს, იცავდეს და ხელს უწყობდეს ქორწინებისა და ოჯახის ბუნებას, საზოგადოებრივ ზნეობას, მშობლების უფლებებს და ოჯახურ კეთილდღეობას.

კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმო, 2209-2213; 2250

  1. რა ვალდებულებები აქვთ შვილებს მშობლების მიმართ?

შვილებს მართებთ მშობლების პატივისცემა, მათდამი მადლიერება, მორჩილება. ამგვარად, (აგრეთვე დედმამიშვილებთან კარგი ურთიერთობების მეშვეობით) შვილებს წვლილი შეაქვთ ოჯახური ცხოვრების ჰარმონიულობაში. თუ მშობლები გაჭირვებაში არიან, სნეულებას, მარტოობას ან ხანდაზმულობას უჩივიან, ზრდასრული შვილები ვალდებულნი არიან, მორალური და მატერიალური დახმარება გაუწიონ მათ.

კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმო, 2214-2220; 2251

  1. რა ვალდებულებები აკისრიათ მშობლებს შვილების მიმართ?

მშობლები ღვთაებრივი მამობრიობის თანამონაწილენი არიან, ამიტომ ისინი, პირველ რიგში, პასუხს აგებენ შვილების აღზრდაზე და მათთვის რწმენის პირველი მაუწყებელნი არიან. მშობლები ვალდებულნი არიან, უყვარდეთ შვილები და პატივი სცენ მათ, როგორც პიროვნებებს და ღვთის შვილებს და შეძლებისდაგვარად იზრუნონ მათი მატერიალური და სულიერი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე (შეურჩიონ მათ შესაფერისი სკოლა, გონივრული რჩევებით დაეხმარონ პროფესიის და ცხოვრებისეული გზის არჩევაში). მშობლების განსაკუთრებული მისია შვილების ქრისტიანული რწმენის თანახმად აღზრდაა.

კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმო, 2221-2231

  1. როგორ უნდა აღზარდომშობლებმა შვილებქრისტიანულად?

მშობლებმა შვილები უმთავრესად უნდა აღზარდონ საკუთარი მაგალითით, ლოცვით, ოჯახური კატეხეზითა და საეკლესიო ცხოვრებაში მონაწილეობით.

კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმო, 2252-2253

  1. ოჯახური კავშირები აბსოლუტური სიკეთეა?

ოჯახური კავშირები მნიშვნელოვანია, თუმცა არა აბსოლუტური, რადგანაც ქრისტიანის უპირველესი მოწოდება ქრისტეს სიყვარული და მისი გაყოლაა: „ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი, და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი“ (მათ. 10,37). მშობლებმა სიხარულით უნდა შეუწყონ ხელი შვილების მიერ ქრისტეს გაყოლას, მათ შორის, სასუფევლისადმი მიძღვნილი ქალწულობით, მოწესეობრივი ცხოვრებით ან სამღვდლო მსახურებით.

კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმო, 2232-2233

  1. როგორ უნდა განხორციელდეს ხელისუფლება სამოქალაქო საზოგადეობის სხვადასხვა სფეროში?

ხელისუფლება მუდამ უნდა განხორციელდეს, როგორც მსახურება, ადამიანის ძირეული უფლებების პატივისცემით, ღირებულებათა სამართლიანი იერარქიის, კანონების, სუბსიდირების (დახმარების) პრინციპის დაცვით.

ხელისუფლების განხორციელებისას, თითოეულმა პირმა უნდა გაითვალისწინოს საზოგადოების ინტერესი და არა საკუთარი, და თავისი გადაწყვეტილებები უნდა დაამყაროს ღვთის, ადამიანისა და სამყაროს ჭეშმარიტებაზე.

კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმო, 2234-2237, 2254

  1. რა ვალდებულებები აკისრიათ მოქალაქეებს სამოქალაქო ხელისუფლების წინაშე?

ხელისუფლებას დაქვემდებარებულებმა მათი ხელმძღვანელები უნდა მიიჩნიონ ღვთის წარმომადგენლებად და პატიოსნად უნდა ითანამშრომლონ მათთან საზოგადოებრივი ცხოვრების მართებულად წარმართვის მიზნით. ეს გულისხმობს სამშობლოს სიყვარულს და მის მსახურებას, ხმის მიცემის უფლებას და ვალდებულებას, გადასახადების გადახდას, ქვეყნის დაცვას და კონსტრუქციული კრიტიკის უფლებას.

კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმო, 2238-2241; 2255

  1. როდის არ უნდა დაემორჩილოს მოქალაქე ხელისუფალს?

მოქალაქე სინდისიერად ვალდებულია, არ დაემორჩილოს სამოქალაქო ხელისუფლებას, როცა მისი ბრძანებები ზნეობრივ მოთხოვნათა, პიროვნების უფლებათა და სახარების მოძღვრებათა საწინააღმდეგოა: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს“ (საქმე 5,29).

კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმო, 2242-2243; 2256

 

 

[1] M. Limbeck, იქვე გვ. 82.

 

[2] A. Keller, იქვე, გვ. 87.

 

სტატია დაიბეჭდა ჟურნალ "საბას" მაისის ნომერში