წმ. პაპი მარტინ პირველი

  მარტინ პირველი,  რომის რიგით 74-ე პაპი, დაიბადა უმბრიის (იტ.Umbria - რეგიონი ცენტრალურ იტალიაში) ქალაქ  ტოდიში.  იგი გამოირჩეოდა ღვთისმოსაობით და სწავლისადმი დიდი სიყვარულით.

მან გადაწყვიტა თავი ღვთის სამსახურისადმი მიეძღვნა, ამიტომ დატოვა მშობლიური ქალაქი და სასწავლებლად რომში გაემგზავრა, სადაც კარგი განათლება მიიღო და რომის ეკლესიის სამსახურში ჩადგა.

      პაპმა თეოდორე I-მა იგი თავის ნუნციუსად, დიპლომატიურ წარმომადგენლად გაგზავნა კონსტანტინოპოლში, სადაც ის წინ უნდა აღდგომოდა მონოთელიტების ერესს, რომლებმაც უარყვეს ქრისტეში ორი ნების, ღვთაებრივისა და ადამიანურის, არსებობა და ამტკიცებდნენ, რომ იესო ქრისტეში მხოლოდ ერთი - ღმრთაებრივი ნება მოქმედებდა. 648 წელს მონოთელისტური ერესის მომხრეებმა, ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტი II-მ და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა პავლემ გამოსცეს ერეტიკული ,,რწმენის ნიმუში“ (ტიპოსი), რომელიც აუცილებელი იყო ყველასთვის და კრძალავდა შემდგომ კამათს.

      პაპ თეოდორე I-ის (642-649) გარდაცვალების შემდეგ, რომის პაპად აირჩიეს მარტინი.  იცოდა რა, თუ როგორი მდგომარეობა იყო კონსტანტინოპოლში, მალე, 649 წელს მან მოიწვია რომში ლატერანის კრება, რომელზეც დაგმო მონოთელიტების ერესი და იმპერატორ კონსტანტი II-ის თვითნებური ჩარევა ეკლესიის საქმეებში.

განრისხებულმა იმპერატორმა რავენის ეგზარქოსს, მთავარსარდალ ოლიმპიოს უბრძანა შეეპყრო და სასამართლოს წინაშე წარედგინა წმიდა მარტინი. მაგრამ ოლიმპიოს ხალხის მღელვარებისა შეეშინდა და ერთ-ერთ მეომარს უბრძანა მალულად მოეკლა მარტინი. როცა მკვლელი წმიდანს მიუახლოვდა, ის მოულოდნელად დაბრმავდა. შეშინებული ოლიმპიო სასწრაფოდ სიცილიაში წავიდა.

       ახალმა ეგზარქოსმა თეოდორე კალიოპამ 653 წელს პაპს ბრალდებად წაუყენა: იმპერიის მტრებთან საიდუმლო ურთიერთობა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მკრეხელურად მოხსენიება და პაპის ტახტზე უკანონოდ ასვლა. მიუხედავად სამღვდელოებისა და ერისკაცთა მხრიდან პაპის სრული უდანაშაულობის მტკიცებისა, თეოდორემ ღამით შეიპყრო წმიდა მარტინი და ეგეოსის ზღვის  კუნძულ  ნაქსოსზე გადაასახლა. მთელი ერთი წლის განმავლობაში იტანჯებოდა პაპი მარტინი ბნელ საკანში ამ თითქმის უკაცრიელ  კუნძულზე და უდრტვინველად იტანდა დარაჯთა მხრიდან შეურაცხყოფას. ავადმყოფი და შიმშილისაგან ღონემიხდილი პაპი 654 წლის 17 სექტემბერს კონსტანტინოპოლში გადაიყვანეს;

        სასამართლოზე მან დაამოწმა თავისი გადაწყვეტილება მონოთელიტიზმის დაგმობის შესახებ. დაკითხვის შემდეგ პაპი გამოიყვანეს იმპერატორის სასახლის წინ მდებარე მოედანზე, სადაც მოსამართლის ბრძანებით, მცველებმა გახადეს მას ეპისკოპოსის შესამოსელი, კისერზე მძიმე ჯაჭვი დაადეს და ასე სამოსელშემოძარცული ათრიეს იგი ქალაქის ქუჩებში ვიდრე ციხემდე; მიუხედავად ცივი ზამთრისა, ის შიშველ-ტიტველი ჩააგდეს ბნელ დილეგში. მთელ ამ წამებას ერთადერთი მიზანი ჰქონდა: აეძულებინათ პაპი ურთიერთობა დაემყარებინა კონსტანტინოპოლის მონოთელიტურ ეკლესიასთან. ,, რაც გინდათ, ის მიყავით, -განაცხადა პაპმა, - თუნდაც ამკუწეთ, არ მექნება ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან, სანამ ის მწვალებლობაშია“.

     განზრახული იყო წმიდა პაპის სიკვდილით დასჯა, მაგრამ ასე არ მოხდა. მომაკვდავი პატრიარქის, პავლეს თხოვნით, მას ჯაჭვი მოხსნეს. მეორე დღეს კი, უსამართლო სასამართლო პროცესის შემდეგ, იმპერატორმა პატრიარქი მოინახულა და უამბო ყოველივე, რაც მოხდა. პატრიარქმა მძიმედ ამოიოხრა და თქვა:,,ოჰ, ყველაფერი ეს კიდევ უფრო დაამძიმებს ჩემს სასჯელს“.  მერე კი იმპერატორს სთხოვა, სიცოცხლე ეჩუქებინა პაპისთვის.

       სამთვიანი პატიმრობის შემდეგ, 655 წლის მარტში, მარტინი გადაასახლეს ტავრიის ხერსონესში (ყირიმის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილი, ბერძნული პოლისი, ამჟამინდელი სევასტოპოლი), ჰერაკლეს ნახევარკუნძულზე, სადაც ის მოკლებული იყო ყველაფერს, პურსაც კი. პაპი მარტინი გარდაიცვალა 655 წლის 16 სექტემბერს.  

იგი დაკრძალეს ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში, სადაც არ წყდებოდა მომლოცველთა ნაკადი მთელი აღმოსავლეთიდან. მას პატივს მიაგებდნენ როგორც წმიდანს.

     მოგვიანებით (ზუსტი თარიღი უცნობია) მისი წმიდა ნაწილები გადაასვენეს რომში, სადაც ის დღემდე განისვენებს წმიდა მარტინ ტურსელის სახელობის ეკლესიაში.

     წმიდა პაპს, მარტინს, კათოლიკე ეკლესია მოიხსენიებს 13 აპრილს; მას პატივს მიაგებენ მართლმადიდებლებიც, რომლებიც მას უწოდებენ ,, მართლმადიდებლური რწმენის ბურჯს, რელიგიის მასწავლებელსა და ღმრთაებრივი დოგმების დამცველ წმიდა მოძღვარს“ .

    მართლმადიდებელი ეკლესია მას მოიხსენიებს როგორც მარტინ I აღმსარებელს, 27 აპრილს.

 

მოამზადა ვერიკო ნოზაძემ