კარიტასის ფესვები საქართველოში

წეროვანში შედგა „საქართველოს კარიტასის” მუშაკების შეხვედრა სპონსორებთან, რომლებიც ფინანსურად უჭერენ მხარს მის მრავალმხრივ საქმიანობას. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამი კათოლიკური წესის (ლათინური, სომხური და ასირიულ-ქალდეური) საკრებულოს მღვდლები და მორწმუნეები, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო და კარიტასის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი.

 

ეს იყო საკმაოდ ინტენსიური და დატვირთული ორი სამუშაო დღე. კარიტასის დღევანდელი რეალობა ძალზე ხატოვნად წარმოადგინა ევროპის კარიტასის გენერალურმა მდივანმა ხორხე მაიერმა (Jorge Nuño Mayer); საუბრისას მან გამოიყენა სიმბოლოები – „ხის ტანი”, როგორც ამ წლების მანძილზე საქართველოს კარიტასის ურყევი სახე, „ფესვები” – სიმბოლო საქართველოს კათოლიკე ეკლესიის მრავალფეროვნებისა (სამრევლოები, რელიგიური ორდენები, მოძრაობები...) და „ტოტები”, საიდანაც სამი განშტოება იშლება, ანუ სიმბოლო სამი რელიგიური წესის სამომავლო მუშაობისა. ამ სამი რეალობის თავმოყრა ცოცხლად მოშრიალე ხის სურათს იძლევა და სწორედ ეს ქმნის იმის საფუძველს, რომ საქართველოს კარიტასი სულ მალე მიიღებს წოდებას კარიტასი საქართველოში. დელიკატურად მინიშნებული პასაჟიდან, ჩემი აზრით, უფრო მეტად აქტუალურია ფესვების საკითხი, რამდენადაც მათ ცხოველმყოფლობას დაეყრდნობა ცენტრალური კარიტასი თავისი დიდი პროექტებით; მასვე დაეყრდნობა სამი რელიგიური წესის ჰარმონიული კავშირები და, განსაკუთრებით, კათოლიკე ეკლესიის გადარჩენა საქართველოში. სამწუხაროდ, ყველა როდი აცნობიერებს, რომ სხვა ეკლესიებიდან, სხვა ქვეყნების ორგანიზმებიდან წამოსული მრავალჯერადი და შრომატევადი საქველმოქმედო, კულტურული სახის ინიციატივების მიუხედავად... საქართველოში, რეალურად, ჩვენი ეკლესია სულს ღაფავს! და ეს არ ხდება მხოლოდ უმრავლესობის ეკლესიის ძლიერი ზეგავლენით ან იდეოლოგიით, რომლითაც ქართველობას მართლმადიდებლობასთან აიგივებენ, ან პირიქით; ან თუნდაც სახელმწიფო ორგანოების სისუსტით და საქართველოს ყველა მოქალაქის უფლების დაუცველობით... ეს სწორედ ამ დაუძლურებული ფესვების მიზეზითაა გამოწვეული. როგორ შეინარჩუნებს ისეთი დიდი ხე, როგორიც საქართველოს კარიტასია, თავის პატარა და უსუსურ ფესვებს? ჩვენ ამ ფესვებს უნდა დავუბრუნდეთ და მათზე ვიზრუნოთ; ვიზრუნოთ ფესვებზე, რომლის წყალობითაც ამ წლების მანძილზე არათანაბრად გაიზარდა ხის ტანი, რომელსაც არ ჰქონდა შესაბამისი საკვები, რომელიც ზოგჯერ იძულებული იყო, დაბინძურებული ჰაერი ესუნთქა, ებრძოლა ულმობელ, ბნელ ძალებთან. საკმარისია ქარის ერთი დაბერვა და...   თუკი ღრმად ჩავწვდებით სიტყვა „ფესვების” დედააზრს, გავაცნობიერებთ, რომ ფესვები იჭერენ ხეს, სიმყარეს სძენენ და აძლიერებენ მას ქართან ბრძოლაში; აძლევენ მას სიცოცხლისათვის საჭირო საკვებს. თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ადამიანი გრძნობს, რომ სჭირდება „რაღაცაში ფესვის გადგმა”. თავის დროზე მარქსი (1818-1883) ამტკიცებდა, რომ ადამიანის ფესვები თავად ადამიანია. ადამიანს თავისთავად არ გააჩნია ფესვები; ადამიანი „არშემდგარი ღმერთია”, – ამბობდა სარტრი (1905-1980); ამიტომ, თუნდაც ფიქრობდეს, რომ ფესვებს ფლობს, მას არ გააჩნია ფესვები. ჩვენი დღევანდელი საზოგადოება ნაღვლიანია, დაბნეულია, ხშირად ვერ ზრუნავს საკუთარ ფესვებზე. „ადამიანი არის უფესვო და უღერო მცენარე”, – წერდა ჟილ დელეზი (Gilles Deleuze-1925-1995). დღეს ბევრისთვის ნორმალურია რაიმე საყრდენის გარეშე არსებობა, არადა, არსებობისათვის გვჭირდება ფესვები. მყარი ნიადაგი კი, სადაც შეგვიძლია ფესვები გავიდგათ, თავად ღმერთია, რომელიც გვაკავებს და სიცოცხლით გვაპურებს. ამიტომაც ქრისტიანობა ღმერთში ფესვისგადგმაა. ჩვენ „ფესვგადმულები და დაფუძნებულები ვართ სიყვარულში” (ეფეს.3,17) და „ფესვგადგმულები და მისით აღშენებულები იესო ქრისტეში” (კოლ.2,7). ქრისტიანი ის ადამიანი როდია, ვინც რაღაც სახით მიყვება ქრისტეს, არამედ ის, ვინც მასშია ფესვგადგმული. დღევანდელ კულტურაში, ფესვებმოწყვეტილ ადამიანს სჭირდება ქრისტიანული რწმენა იმისა, რომ ფესვი გაიდგას ღმერთში იესო ქრისტეს მეშვეობით. ყოველწლიური პასექი, როგორც ყოველი საკვირაო პასექი, ყოველი საკრამენტული მსახურება, მაცხოვრის სახელით აღსრულებული ყოველი ქმედება გვეხმარება მასში ფესვის გადგმაში. ეს უწყვეტი ზრდის პროცესია. დღეს ამის დიდი საჭიროებაა. ამ ხისთვის მთავარია არა დიდი დადატოტვილი ტანი, არამედ იესო ქრისტესა და რომის კათოლიკე ეკლესიაში გადგმული ძლიერი და ჯანმრთელი ფესვები... თუნდაც „საქართველოში კარიტასის” მოღვაწეობისთვისაც!

 

მამა გაბრიელე ბრაგანტინი