ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

ძვირფასო დებო და ძმებო! ორი ხატება: “გადაგორებული დიდი ლოდი” და “ცარიელი სამარხი” წელსაც იწვევს სიხარულის შეძახილს: “ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!” უცნაურია, რომ ჩვენი რწმენის საფუძველს მხოლოდ ეს ნიშნები წარმოადგენს.

 

ნუთუ ისინი მეტისმეტად სუსტი და უბრალოა იმისთვის, რომ ვირწმუნოთ? ვინმესთვის, შესაძლოა, ასე იყოს. ზოგი იქნებ ფიქრობდეს, რომ სხვა, უფრო მკაფიო და ხილული ნიშნების დამატებაა საჭირო. თუმცა, პირველმა ქრისტიანულმა საკრებულომ მხოლოდ ეს ნიშნები მიიჩნია აუცილებლად და მნიშვნელოვნად.

ნუთუ სულელები ვართ და მკვდრეთით აღდგომის ჩვენს რწმენას ვამყარებთ რამდენიმე შეშინებული ქალისა და მამაკაცის დამოწმებაზე, რომლებსაც სხვა არაფერი დაუწერიათ? დიახ და არა. არა! არა, რადგანაც ამ ნიშნების უკან დგას ძალა, რომელიც არ არის მხოლოდ ადამიანური ძალა და ის კვლავაც განაგრძობს არსებობას. ეს არის მორწმუნეთა ძალა, რომლებსაც ყველა ეპოქაში ძალუძდათ და დღესაც ძალუძთ ეგოიზმის ლოდების გზიდან გადაგორება, ახალი სიცოცხლის აღმოცენება იქ, სადაც იმედის ნაკლებობა შეიმჩნეოდა; ღიმილის დაბრუნება იქ, სადაც თვალები ცრემლით იყო სავსე; გულმოწყალბის გამოცხადება იქ, სადაც შურისძიებას ითხოვდნენ; ძალუძთ სიკვდილი რწმენით, რომ სიკვდილი სამუდამოდ დამარცხდა! ამ ნიშნებს მიღმა, რომლებიც, ცხადია, სუსტია, დგას ღვთის ძალა, რომელიც იესო ქრისტეში გადაეცა ადამიანებს, რომლებსაც სახარების რწმენა ძალუძთ. ეკლესიის დამოწმებამ საკმარისად აქცია ეს ნიშნები!


ამ ნიშნების უკან დგას თითოეული თქვენგანის სახე, დგას თითოეული თქვენგანი, ვინც აირჩია სოლიდარობა, ძმობა და სიყვარული. ყოველ წელიწადს გვესაჭიროება მოვისმინოთ “ქრისტე აღდგა”, რადგანაც მუდამ არიან ისინი, ვისაც სურს, დაგვარწმუნოს, რომ ლოდის გადაგორება შეუძლებელია, რომ სამყაროს ვერ შეცვლი, რომ სიცოცხლე სულ უფრო მეტად დაემონება სიკვდილს, ბოროტებას და ცოდვას. მუდამ არიან ისეთები, ვისაც სურს, დაგვაჯეროს, რომ იესო არ აღმდგარა!
ყველანი ვართ მოწმენი, რომ სიყვარულს ძალუძს ეგოიზმის დამარცხება, რომ თანაზიარება შესაძლებელია ყოველი დაყოფის შემდეგ, რომ სოლიდარობას ძალუძს სიცოცხლის ხელახლა ბოძება, რომ გულმოწყალებას შეუძლია, ცოდვაზე ძლიერი იყოს!


ძვირფასო ძმაო და დაო, მსურს, საუკეთესო სურვილები გადმოგცე სააღდგომოდ და, მთელი ეკლესიის სახელით, მადლობა გადაგიხადო ყოველი შენი ქმედებისთვის ამ მიმართულებით. ამგვარად შენც ეხმარები ჩემს რწმენას და სხვა ქრისტიანთა რწმენას და მარწმუნებ, რომ აღდგომა ზღაპარი არ არის.
ბედნიერ აღდგომას გისურვებთ! “ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!”

 

 

ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო