Arrow
Arrow
Slider

ევროპის გულიდან ჩვენს გულებამდე

პრაღა, ჩეხეთი  ყველაფერი დაიწყო 1940 წელს, როდესაც 25 წლის ძმა როჯერმა დატოვა შვეიცარია, თავისი დაბადების ადგილი, რათა წასულიყო და ეცხოვრა საფრანგეთში, ქვეყანაში, საიდანაც თავისი დედა იყო წარმოშობით. წლების განმავლობაში იგი ტუბერკულიოზით იყო ავად

 

და გამოჯანმრთელების ამ ვრცელი პერიოდის განმავლობაში მასში მომწიფდა მოწოდება შეექმნა საკრებულო. ამისათვის შესანიშნავი ადგილი აღმოჩნდა პატარა სოფელი საფრანგეთში, ტეზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს  ძირითადად თავშესაფრად გამოიყენებოდა. ომის დასრულების შემდეგ კი იქ იმ ბავშვებზე ზრუნავდნენ, რომლებმაც მშობლები ომში დაკარგეს.

 

ტეზეში ნელ-ნელა ჩამოყალიბდა საკრებულო, რომელსაც თანდათანობით სხვა ახალგაზრდა  მამაკაცებიც შეუერთდნენ და 1949 წლის აღდგომის დღეს, მათგან შვიდმა ცელიბატობის აღთქმა დადო და ერთად სადა, უბრალო ცხოვრება აირჩია. 1952-53 წლების ზამთარში საკრებულოს დამაარსებელმა ჩამოაყალიბა ტეზეს წესდება, ის რაც ერთად ცხოვრებას შესაძლებელს გახდიდა.

            მას შემდეგ ტეზეს საკრებულო შეიცვალა, გაიზარდა, სულიერად გამდიდრა, თუმცა მისი არსი იგივეა, ის ისევ ის საკრებულოა, სადაც ერთიანობის იდეით განმსჭვალულმა ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს ერთად, უბრალოებაში ეცხოვრათ.

            ამჟამად, ტეზეს საკრებულო შედგება ასზე მეტი კათოლიკე და პროტესტანტი ძმისაგან, რომლებიც ჩამოვიდნენ 30 სხვადასხვა ქვეყნიდან. თავისი არსებობით ეს საკრებულო არის ნიშანი გაყოფილ ქრისტიანებსა და განცალკევებულ ხალხებს შორის შერიგებისა.

ძმა როჯერი, ტეზეს საკრებულოს დამაარსებელი, გარდაიცვალა 2005 წლის 16 აგვისტოს, 90 წლის ასაკში. მას შემდეგ, ძმა ალოისი, რომელიც ძმა როჯერმა აირჩია, როგორც თავისი მემკვიდრე მრავალი წლის წინ, არის საკრებულოს წინამძღვარი.

ჩვენთვის კი ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მამა ტომაშმა შემოგვთავაზა მცირე ჯგუფი წასულიყო საქართველოდან ჩეხეთში, რათა მიეღო ტეზეს მსახურების უშუალო გამოცდილება მისი შემდგომი გაზიარების მიზნით. შედეგად მამა ტომაშისა და ნატალიას დიდი დახმარებით პატარა, ცხრაკაციანი ჯგუფი გაემართა ჩეხეთისკენ, რათა შეერთებოდა ათასობით ახალგაზრდას, რომლებიც მოდიოდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებდან.   შეიძლება ითქვას, რომ, ნამდვილად, იღბლიანები ვართ, რადგანაც გარდა იმ ბედნიერებისა პირადად მიგვეღო მონაწილეობა ტეზეს ამ საერთაშორისო შეხვედრაში, აგრეთვე მოვინახულეთ მამათა და დედათა მონასტრები, სანქტუარიუმები პოლონეთში. 

მომლოცველობის პერიოდი მთლიანობაში მოიცავდა 28 დეკემბრიდან 4 იანვრამდე პერიოდს, მიუხედავად ამ მცირე ხნისა, შევძელით გავცნობოდით ტეზეს და განგვეცადა სხვადასხვა მონასტრებიდან ძმებისა თუ დების უშუალო, თბილი დამოკიდებულა ჩვენ მიმართ. ნამდვილად არ გავაზვიადებ თუ ვიტყვი, რომ ყველგან სადაც კი მივედით ამ ერთი კვირის განმავლობაში გარდა სახლის კარისა, რომელიც გაღებული გვხვდებოდა, მამა ტომაშის დახმარებით, მასპინძლები თავიანთი გულის კარებსაც გვიხსნიდნენ, რაც ცხადია უფრო დიდი სიხარულის მომტანი იყო ჩვენთვის.

ის ფაქტი, რომ ტეზეს საკრებულო დღესაც ინარჩუნებს იმ თავდაპირველ იდეას, რომლითაც იგი შეიქმნა მტკიცდება თითოეული ჩვენგანის შეფასებითაც. ნამდვილად, შეუძლებელია იქ მყოფელს არ ეგრძნო ადამიანთა შორის გაუქმებული ეროვნული თუ რელიგიური ბარიერი და უბრალოება, რომელიც ასე ალამაზებდა ლოცვით პერიოდს.

 

 

„მე მომეწონა, ამდენი სხვადასხვა ეროვნების, კონფესიის ადამიანი ერთად ლოცულობდა, გალობდა, მედიტირებდა... ყველაფერი შთამბეჭდავი იყო, განსაკუთრებით, შეგრძნება იმისა, რომ ერთი მამის შვილები ვართ.“_მაია დიდიმამიშვილი.

“ ჩემთვის ტეზე საშუალებაა ერთად ლოცვისა, როდესაც ყველა ქრისტიანი იკრიბება, ლოცულობს და გალობს ერთად, ამით ისინი ცდილობენ თავიანთი რწმენის გაღრმავებას და ღმერთთან დაახლოებას, რასაც ემატება მიღებული გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება თავიანთ ქვეყანაში დაბრუნებისას. ჩემთვის ტეზე არის ღმერთთან დაახლოების ერთ-ერთი გზა.“ _ მარი მანუკიანი.

„პირველი რაც ტეზეს შეხვედრაში მომწონს ეს არის შეხვედრის დრო _ ახალი წლის პერიოდი, რაც განსაკუთრებულად დიდი სიხარულის მომტანია მათთვის, ვისთვისაც სიამოვნებაა ღვთისმსახურება. წელს ვნახე ევროპის გულში, ულამაზეს ქალაქში შეკრებილი უამრავი ახალგაზრდა არამარტო ევროპის ქვეყნებიდან, აგრეთვე  აღმოსავლეთის ქვეყნებიდანაც. ჩვენ შევიკრიბეთ ქრისტეს სახელით, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თითქოს მსოფლიო გაერთიანდა ღმერთის სადიდებლად, ეს დიდად სასიხარულოა და ვფიქრობ ასეთი ერთიანობა არის მომტანი მშვიდობისა, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება დღესდღეისობით კაცობრიობას.“ _ გიორგი ბექაური.

„ტეზე ყოველი ქრისტიანისთვის მნიშვნელოვანია, ხშირად ქრისტიანები ერთმანეთისაგან ძალიან შორს ვართ, ტეზე კი ის ადგილია, სადაც ერთ ღმერთს ძალაინ ლამაზი გზით ერთად ადიდებენ . ერთად ლოცვა ერთობისათვის აუცილებელია. პირადად, ჩემთვის კი ის სილამაზე, რომელიც ტეზეს ლოცვით საღამოს აქვს მიჩვენებს თუ რამდენად ლამაზია ქრისტიანთა რწმენა, რწმენა რომლის გამოხატვასაც ლამაზი მელოდია და ლამაზი გარემო ეხმარება. მომწონს ტეზეზე არსებული სიმშვიდე, ერთობა და სილამაზე.“ _ მარი ნებიერიძე

„ტეზეს ლოცვით მსახურებაში მონაწილეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ჩემს ცხოვრებაში და ვისურვებდი კვლავაც მონაწილეობას. იგი იქცა ჩემთვის სულის განვითარების საშუალებად დანარჩენ 30 000 ახალგაზრდასთან ერთად. ღმერთმა ამ გამოცდილების საშუალებით რწმენა გამიღრმავა და ძალა შემმატა.“_ ინგა გულიკიანი.

ცხადია, საკმაოდ მნიშვნელოვანი მხარე ამ შეხვედრისა იყო მისი ორგანიზაცია. რომ არა კარგი ორგანიზება, ეჭვი მეპარება მსგავსი დადებითი გავლენა მოეხდინა ჩვენზე. ყოველივე რაც ჩვენ პრაღაში დაგვხვდა შედეგია მრავალთვიანი მზადებისა, სადაც სხვადასხვა ქვეყნებიდან მოხალისეები იღებდნენ მონაწილეობას, ვინ იცის შეიძლება, შემდგომში რომელიმე ჩვენგანი ან  მკითხველი უკვე მოხალისეს სტატუსით მიიღებს მონაწილეობას შეხვედრაში, იქამდე კი გვინდა ყველა მსურველს მიეცეს საშუალება განიცადოს იგივე და მეტი, ის თავისუფლება ლოცვისას, როდესაც ხარ იქ, სადაც ხარ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ დიალოგის შეწყვეტა არ გსურს მამასთან. ტეზეს საკრებულოს მესიჯის ზუსტად გამეორებისა და გადაცემისათვის, რა თქმა უნდა, დროა საჭირო, მაგრამ მასზე მეტად თქვენ, ყოველი თქვენგანნი _ რომელთაც ინტერესი და ტეზეს ლოცვითი მსახურების საქართველოში არსებობის სურვილი გაუჩნდა _ ხართ საჭირო.  ტეზეს ლოცვების ჩატარების დროსა და ადგილზე ინფორმაციას სამრევლოებში მიიღებთ იქამდე კი შეგიძლიათ ფოსტის საშუალებით დაგვიკავშირდეთ და ჩაერთოთ მისი მომზადების პროცესში: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

            განსაკუთრებული მადლობა მამა ტომაშსა და ნატალიას, აგრეთვე ყოველ ადამიანს, რომელთაც ვუხაროდით და რომელნიც გვიხაროდნენ.. J