Arrow
Arrow
Slider

კარდინალ კოხის ვიზიტი

 თბილისი  13-16 დეკემბერს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა წმ. საყდრის ქრისტიანთა ერთიანობის შემსწავლელი პაპის კომისიის პრეფექტი, კარდინალი კურტ კოხი, რომელმაც 13 დეკემბერს წმ. წირვა აღავლინა თბილისის მარიამის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში. წმ. წირვის დასრულების შემდეგ, კარდინალი შეხვდა კათოლიკე სამრევლო საბჭოს წევრებსა და დაინტერესებულ მრევლს.

შეხვედრის დასაწყისში დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი კავკასიაში, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო. მან კარდინალს მადლობა გადაუხადა ვიზიტისა და ქართველი კათოლიკე მრევლის პრობლემებით დაინტერესებისათვის.

შემდეგ მობრძანებულ სტუმარს, კულტურისა და ეკლესიათა ერთიანობის კომისიის სახელით, მამა გაბრიელე ბრაგანტინიმ კომისიის საქმიანობა და მიზნები გააცნო. მამა გაბრიელეს თქმით, კომისიაში გაწევრიანებული არიან სხვადასხვა სფეროში (კარიტასი, უნივერსიტეტი) მოღვაწე ადამიანები, ასევე წარმომადგენელი კათოლიკე ახალგაზრდების მოძრაობიდან. „ჩვენ ვცდილობთ ვაკეთოთ ის, რისი გაკეთებაც არის შესაძლებელი, ხშირად კათოლიკე ეკლესიის მიერ შემოთავაზებული მეთოდების გამოყენება საქართველოში შეუძლებელია, მაგ.: შეუძლებელია ერთად ლოცვა, ძალიან რთულია თეოლოგიურ ასპექტზე სასაუბროდ ერთად შეკრება.  ჩვენ დავინახეთ ,,პატარა ნაპრალები“ და დავიწყეთ ამაზე მუშაობა. ასეთი ნაპრალები იყო, მაგალითად, მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად სიმპოზიუმების მოწყობა. მათთან თანამშრომლობით ჩვენ ჩავატარეთ სიმპოზიუმი ასურელი და კაპადოკიელი მამების შესახებ, შემდეგ მართლმადიდებელთა რჩევის გათვალისწინებით,  რამდენიმე სიმპოზიუმი ბიოეთიკის თემაზე,  ბოლოს კი გადავედით სოციალურ დოქტრინაზე; გაჩნდა იდეა წიგნების გამოცემისა, რათა საზოგადოებისათვის სწორი ინფორმაცია მიგვეწოდებინა კათოლიკე ეკლესიის შესახებ, ამავე მიზნით დაარსდა უნივერსიტეტიც“, –აღნიშნა მამა გაბრიელემ.  ,,არის მოუგვარებელი პრობლემებიც, თუმცა კომისია განაგრძობს მუშაობს და იმედი აქვს, რომ მსოფლიო ეკლესიიდან მომავალ იმპულსებს შეუძლია საქართველოში კათოლიკე ეკლესიის დახმარება. მაშინაც კი, როდესაც თითქოს იმედი დაკარგულია, ჩვენ მაინც ვაგრძელებთ მუშაობას პრობლემებზე“, - აღნიშნა დასასრულს მამა გაბრიელემ.

მამა გაბრიელეს სიტყვის შემდეგ, მრევლს საშუალება ჰქონდა, დაესვა კარდინალისთვის კითხვები მისთვის მტკივნეულ პრობლემათა შესახებ და შეძლებისდაგვარად მიეღო პასუხი. გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი:

  • ახალციხიდან ჩამოსულმა მრევლის წევრმა აღნიშნა გადანათვლის პრობლემა, განსაკუთრებით ქორწინების დროს, და სთხოვა კარდინალს, მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებთან ერთად განეხილათ ეს საკითხი შეძლებისდაგვარად. ასევე, დაისვა სადავო ეკლესიების დაბრუნების საკითხი.
  • ქუთაისის სამრევლოს წევრმა, ლევან ბეგიშვილმა, განავრცო სადავო ეკლესიების საკითხი და ითხოვა, კათოლიკე ეკლესიას უფრო მეტი დაჟინება და სიმტკიცე გამოეჩინა ამ საკითხთან მიმართებაში, რადგან, როგორც გამოცდილებამ გვაჩვენა, ლოიალურ მიდგომას შედეგები არ მოაქვს.
  • თენგიზ პარმაქსიზიშვილმა, ბათუმის ეკლესიიდან, ხაზი გაუსვა მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან ურთიერთობის ორმაგ სტანდარტს. როგორც მან აღნიშნა, მართლმადიდებელი ეკლესიის მხარე ოფიციალურ საუბრებში კათოლიკე ეკლესიასთან კეთილმეგობრულ ურთიერთობას უსვამს ხაზს, თუმცა მრევლთან სრულიად საპირისპიროს ქადაგებს.
  • გიორგი გერმანოზაშვილმა, რომელიც გორისა და თბილისის სამრევლოს ერთდროულად წარმოადგენს, პრობლემად ინფორმაციის სიმწირე დაასახელა, როგორც კათოლიკეთა, (საკუთარ რწმენაზე) ასევე მართლმადიდებელთა მხრიდან (კათოლიკეების შესახებ).

მრევლის ძირითადი პრობლემების მოსმენის შემდეგ, კარდინალმა ისაუბრა კათოლიკე და მართლმადიდებელი ეკლესიების ერთიანობაზე და ამ ერთიანობის წინაშე მდგარ გამოწვევებზე. ჟურნალი ,,საბა“ უცვლელად გთავაზობთ მის სიტყვას:

თქვენო აღმატებულებავ, დიდი მადლობა მოწვევისათვის, დიდი მადლობა კომისიის თავმჯდომარევ, რომელიც ასე ბევრს აკეთებთ, ჩემთვის ძალიან მნიშნელოვანია, დავინახო რეალური სიტუაცია საქართველოში. თქვენი საუბრიდან გავიგე, რომ აქ კათოლიკეებს მართლაც გულში აქვთ ქრისტიანთა ერთიანობის საკითხები. დავინახე წუხილი ერთად ლოცვის შეუძლებლობის გამო, გადანათვლის პრაქტიკის გამო. ჩემთვისაც სამწუხაროა, როდესაც ქრისტიანებს არ შეგვიძლია ერთად ვილოცოთ საყოველთაო ლოცვა „მამაო ჩვენო“. მაგრამ, როდესაც არ არის შესაძლებლობა ერთად ლოცვისა, ყოველთვის რჩება შესაძლებლობა, რომ სხვისთვის ილოცო. ლოცვა ქრისტიანთა ერთიანობისათვის არის ეკუმენიზმის საფუძველი. დეკრეტში წერია, რომ სულიერი ეკუმენიზმი არის ამ მოძრაობის მამოძრავებელი სული. კათოლიკე ეკლესიაში ქრისტიანთა ერთიანობისათვის ლოცვა 50 წლის წინ დაიწყო  და ეს დრო გვიჩვენებს, რომ დღემდე მიზანს ვერ მივაღწიეთ; რომ შეუძლებელია მივაღწიოთ ერთიანობას რომელიმე კონკრეტული, წინასწარ განსაზღვრული დროისათვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელოთ ლოცვა ქრისტიანთა ერთიანობისათვის. ასევე , გადანათვლის პრაქტიკა ქრისტიანებში კიდევ ერთი ტკივილია, და ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში; მაგალითად, კოპტურ, ეთიოპურ ეკლესიებშიც არის ასეთი პრაქტიკა და ჩვენ ვაკეთებთ აქცენტებს ამაზე. როდესაც რომში ვიზიტით იმყოფებოდა კოპტების პაპი, ის შეხვდა პაპ ფრანცისკეს, რომელიც ესაუბრა მას ამ საკითხის შესახებ; პატრიარქი დაეთანხმა და თქვა, რომ საჭიროა ამაზე დაფიქრება და საუბარი. ამისათვის საჭიროა ლოცვა, და კიდევ, არ უნდა გვრცხვენოდეს ჩვენი კათოლიკობის, რადგან  ძალიან ლამაზია, როდესაც კათოლიკე ხარ, და შენ ეს სილამაზე სხვებსაც უნდა დაანახო. თუ რომელიმე ქრისტიანი ფიქრობს, რომ კათოლიკე არ არის ნამდვილი, სრულფასოვანი ქრისტიანი, შენ უნდა გააგებინო მას, რომ ეს არ არის მართალი. ზუსტად ესაა  ეკუმენიზმის არსი და მიზანი. ყველა ეკლესიას აქვს თავისი სილამაზე და ნიჭები. კათოლიკეებსაც აქვთ თავიანთი სიმდიდრე, და ეს უნდა დავანახოთ მათ. შემიძლია რამდენიმე რჩევა მოგცეთ: 1. სოციალური კანონია, რომ ნებისმიერი უმცირესობა პირველი დგამს შემრიგებლურ ნაბიჯს, რაც უცნაურად გვეჩვენება, რადგან ხშირად ვფიქრობთ, რომ უმრავლესობამ უნდა გადმოდგას პირველი ნაბიჯები, მაგრამ ასე არ არის. ეს არ ეხება მხოლოდ რელიგიურ უმცირესობებს, ასევეა ქვეყნებს შორის ურთიერთობაშიც, პირველად უმცირესმა უნდა გადადგას ნაბიჯი. 2. გააკეთე ის, რაც გინდა რომ მართლმადიდებელმა ეკლესიამ გააკეთოს. მაგ; ეკუმენური კომისიის თავმჯდომარემ ისაუბრა სიმპოზიუმებისა და კულტურულ ღონისძიებათა შესახებ, რომლებშიც  მონაწილეობს მართლმადიდებელი ეკლესიაც. 3. მოიწვიე ისინი, მიეცი შესაძლებლობა, გაიცნონ კათოლიკური ეკლესია. ეს არის ჩემი გამოცდილება; როდესაც შევხვდი კონსტანტინოპოლის ეკუმენურ პატრიარქს,  პირველ რიგში, ჩემი შთაბეჭდილება გავუზიარე და ვუთხარი, რომ ძალიან გახსნილი ხართ ეკუმენიზმის მიმართ–მეთქი. მისი პასუხი კი იყო ასეთი; რა თქმა უნდა, მე ხომ რომში ვისწავლეო. რაც ჩვენ შეგვიძლია ეკუმენიზმისათვის გავაკეთოთ, არის ის, რომ მივცეთ მათ საშუალება, გაიცნონ კათოლიკე ეკლესია, დაე, დაინახონ ახალგაზრდებმა, რომ კათოლიკეები მათზე ნაკლები ქრისტიანები არ არიან, და 4. ის, რაც თქვა მამა გაბრიელემ, რომ გააგრძელოთ შრომა და ღვაწლი.  ვფიქრობ, რომ ეკუმენიზმისათვის დღეს არის დიდი გამოწვევა, მთელ მსოფლიოში ატყდა ქრისტიანთა დიდი დევნა. რელიგიის სახელით დევნილთა 80%-ს ქრისტიანები წარმოადგენენ. ქრისტიანები არიან არა დევნილები ან მოწამეები რომელიმე ქრისტიანული კონფესიის წევრობის გამო, არამედ მოწამეები სწორედ ქრისტიანობის გამო. ყველა კონფესიას ჰყავს დღეს თავისი მოწამეები და ეს არის ეკუმენური მოწამეობა. ეს დევნილი ხალხი ერთად უნდა მოვიხსენიოთ, როგორც ეკუმენური მოწამეები. ეს იყო იოანე პავლე მეორის ეკუმენური მოღვაწეობის საფუძველი და, როგორც ვიცი, მან საქართველოში ვიზიტისას ეს დაამოწმა და ასეც მოიხსენია ისინი. პაპი ფრანცისკე კი დღეს საუბრობს ტანჯვის ეკუმენიზმზე, თუ როგორ გავაერთიანოთ ქრისტიანები ამ კუთხით. ეკუმენიზმს აქვს ორი სიქველე, პირველი -  ეს არის ვნება და მეორე - მოთმინება, რომლის გარეშე ეკუმენიზმის მიღწევა შეუძლებელია.. როგორც ერთმა ფრანგმა პოეტმა, შარლ პეგიმ დაწერა თავის ლექსში, მოთმინება არის იმედის უმცროსი და. ასე რომ, მინდა გისურვოთ, ეს უფროსი და „იმედი“ და მისი უმცროსი და „მოთმინება“ აღიზარდოს თქვენში.

ნუგზარ ბარდაველიძემ, შეხვედრის დასასრულს, კარდინალს სთხოვა, მოკლედ მიმოეხილა, რა პერსპექტივები არსებობს მართლმადიდებელ და კათოლიკე ეკლესიათა ურთიერთობაში.

ეკუმენიზმში ჩვენ ვაკეთებთ ასეთ განსხვავებას, კარიტასის ეკუმენიზმი და ეკუმენიზმი სიყვარულში. კარიტასის ეკუმენიზმში ჩვენ ვგულისხმობთ ყველა იმ ძმურ ურთიერთობას, რომელიც  დაიწყო პავლე VI–სა და პატრიარქ ათენაგორას შეხვედრიდან. ამ შეხვედრაზე პატრიარქმა ასეთი რამ თქვა: ჩვენ ერთი რწმენა გვაქვს და ერთად უნდა ვიაროთ ევქარისტიული თანაზიარებისაკენ. ეკუმენიზმის მიზანია მივაღწიოთ ევქარისტიულ თანაზიარებას; ჩვენ ვამბობთ, რომ არის ორი ეკლესია, მაგრამ ქრისტემ დააარსა ერთი ეკლესია. ასე რომ, ბევრი დიალოგია საჭირო თეოლოგიურ საკითხებზე, სხვადასხვა კითხვებზე, განსაკუთრებით პაპის პრიმატის დოგმის შესახებ, რაც დიდ მუშაობას მოითხოვს. საერთაშორისო დიალოგს ძალიან უშლის ხელს კიდევ ერთი ფაქტორი, ის, რომ თავად მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ხშირად უფრო დიდი დაძაბულობაა, ვიდრე კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის. მე ვიმედოვნებ, რომ ის საყოველთაო მართლმადიდებლური კრება, 2016 წელს რომ გაიმართება, მიაღწევს მიზანს და, უპირველესად, თვით მართლმადიდებელი ეკლესიები  გამონახავენ საერთო ენას ერთმანეთთან, მერე კი ჩვენ, მართლმადიდებლები და კათოლიკეები, მოვძებნით საერთოს.

ვიზიტის ფარგლებში, კარდინალი კოხი ეწვია საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს.  შეხვედრაზე საუბარი ორმხრივ ურთიერთობებსა და მეგობრობას შეეხო . რომის პაპის წარმომადგენელი, კარდინალი კურტ კოხი საქართველოში პირველად იმყოფება. მან ილია მეორეს თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. დელეგაციამ ვიზიტისას ქართული ეკლესია-მონასტრებიც მოინახულა.

პატრიარქის თქმით, ეს შეხვედრა საუკუნოვანი ურთიერთობის გაგრძელებაა: "ეს არის გაგრძელება იმ ტრადიციული და ისტორიული ურთიერთობისა, რომელიც საუკუნეეების მანძილზე ჩამოყალიბდა ვატიკანსა და საქართველოს ეკლესიას შორის. ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას დიალოგებში რომის კათოლიკებთან." - აღნიშნა ილია მეორემ.

„საქართველოში პირველად ჩამოვედი და ძალიან მიხარია, რომ მომეცა მის უწმიდესობასთან შეხვედრის შესაძლებლობა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, გისურვოთ ყოველივე საუკეთესო და ღვთის წყალობა,” - განაცხადა კარდინალმა კურტ კოხმა. კარდინალი შეხვდა ასევე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს, სადაც განიხილეს კათოლიკურ ეკლესიასთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, კონფესიების დაფინანსებისა და რუსთავში კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის საკითხი. კარდინალი შეხვდა ასევე საგარეო საქმეთა მინისტრს, თამარ ბერუჩაშვილს და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის წევრებს.

კარდინალმა საჯარო ლექცია გამართა სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში, თემაზე „ეკუმენიზმის გზა მსოფლიოში, პრობლემები და პერსპექტივები“. მოხსენების ჩანაწერს შემოგთავაზებთ ჟურნალ „საბას“ შემდეგ ნომერში.

 

შორენა პარუნაშვილი