ვატიკანი-საქართველოს ურთიერთობა

თბილისი  2014 წლის 13-16 სექტემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ვატიკანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მთავარეპისკოპოსი დომინიკ მამბერტი სტუმრობდა, რომელმაც თავისი ვიზიტი 13 სექტემბერს სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის მონახულებით დაიწყო.

უნივერსიტეტში მას ელოდნენ წმ. საყდრის ელჩი საქართველოში, მთავარეპისკოპოსი მარეკ სოლჩინსკი, რომის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოში მოღვაწე კათოლიკე სასულიერო პირები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები და დაინტერესებული პირები. სტუმრებს დასაწყისში მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ვაჟა ვარდიძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა მათ სტუმრობისთვის და მოკლედ ისაუბრა უნივერსიტეტის მიზანზე. მთავარეპისკოპოსს მიესალმნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ვაჟა ვარდიძე და ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, ამ უკანასკნელმა ჩვეული ლაკონურობით ისაუბრა კათოლიკეებისა და სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის როლზე ქართული  საზოგადოებისა და კულტურის ჩამოყალიბებაში. სიტყვის დასასრულს,  მეუფე ჯუზეპემ აღნიშნა ვატიკანის მხარდაჭერის მნიშვნელობა დაწყებული საქმის გასაგრძელებლად. სტუმარმა მისასალმებელ სიტყვაში წმიდა მამის, რომის პაპის მოკითხვა გადმოგვცა და ისაუბრა საქართველოში კათოლიკობაზე, სულხან–საბა ორბელიანის, როგორც გამორჩეული ქართველი კათოლიკეს, ღვაწლზე, მის არჩეულ კურსზე, საქართველოს ევროპულ არჩევანზე. მან იმედი გამოთქვა, რომ ქართული საზოგადოება, განსაკუთრებით კი მისი კათოლიკე ნაწილი, ძალებს არ დაიშურებს, რათა თავისი წვლილი შეიტანოს საერთო-ევროპულ კულტურულ მემკვიდრეობაში. მოხსენების დასასრულს, მეუფე მამბერტიმ უპასუხა დარბაზში მსხდომთა კითხვებს.

შეხვედრის შემდეგ მთავარეპისკოპოსი დომინიკ მამბერტი ,,საქართველოს კარიტასს“ ეწვია.

14 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, მან თბილისის მარიამის ზეცად აღყვანების ტაძარში წირვა აღავლინა და ეკლესიაში შეკრებილ მრევლს რომის პაპის ლოცვა–კურთხევა გადასცა. ამავე დღეს მთავარეპისკოპოსმა მოინახულა საქართველოს პატრიარქი ილია მეორე. პატრიარქმა დიდი სითბოთი მიიღო სტუმარი და აღნიშნა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყველაფერს აკეთებს, რომ მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის იყოს ძმური კავშირი, თანამშრომლობა მეცნიერებასა და კულტურაში. „გრძელდება ის ტრადიციული და ისტორიული ურთიერთობა, რომელიც I საუკუნიდან  ჩამოყალიბდა რომსა და საქართველოს შორის. მე არ დამავიწყდება მისი უწმიდესობის, რომის პაპის, იოანე პავლე მეორის სიტყვები, რომ ჩვენი ეკლესიები ძმების, პეტრესა და ანდრიას  მიერ არის ჩამოყალიბებული. მოხარულნი ვართ, რომ მოგეცათ საშუალება და ჩამობრძანდით საქართველოში, ჩვენ ვმონაწილეობთ  მართლმადიდებლებსა და რომის კათოლიკეებს შორის დიალოგში,“– აღნიშნა პატრიარქმა. თავის მხრივ, მთავარეპისკოპოსმა მამბერტიმ შენიშნა, რომ დღევანდელი პაპი ფრანცისკე უდიდეს ძალისხმევას იჩენს, რათა მსოფლიოში არსებულ ეკლესიებს შორის შესაძლებელი იყოს დიალოგი და მშვიდობიანი თანაცხოვრება.

 

15 სექტემბერს  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და მთავაერპისკოპოს დომინიკ მამბერტის შორის შედგა შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა საქართველო - წმიდა საყდრის ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი, მიმდინარე ვიზიტის მნიშვნელობა, ორ სახელმწიფოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების განმტკიცების თვალსაზრისით. „აღსანიშნავია, რომ წმ. საყდრის წარმომადგენლების ვიზიტი პირველად საქართველოში XII საუკუნით თარიღდება, მათ მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებულ ჩანაწერებს დიდი მნიშველობა გააჩნია ჩვენი ქვეყნის წარსულის შესწავლისა და ისტორიოგრაფიის გამდიდრებისათვის, ვსარგებლობ შემთხვევით, და კიდევ ერთხელ მადლიერება მინდა გამოვხატო, რომ ქართველ მეცნიერებს ამ მასალების გაცნობა შეუძლიათ,“ – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

,,მუდამ ვილოცებთ ჩვენი ქრისტიანი ძმების კეთილდღეობისათვის,“– ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა ბრიფინგზე მამბერტიმ. "ჩვენ მივესალმებით მშვიდობის, ჰარმონიის დამყარებას თქვენს ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, ვემხრობით და მივესალმებით ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც საქართველოს საზოგადოების კეთილდღეობას მოხმარდება. (...) რაც შეეხება კათოლიკე ეკლესიას საქართველოში, არ არის საიდუმლო, რომ საკმაოდ მცირე სფეროს მოიცავს კათოლიკური ეკლესია ამ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოს საზოგადოების განვითარებაში. ეჭვი არ მეპარება, რომ ქართველი კათოლიკეები იღვწიან იმისათვის, რომ საზოგადოების განვითარებაში გარკვეული წვლილი შეიტანონ. ჩვენ ვიღვწით როგორც სულიერი, ასევე საგანმანათლებლო საქმიანობისათვის", - განაცხადა დომინიკ მამბერტიმ და წმიდა ეკლესიის სახელით დალოცა საქართველო და მისი ხალხი.

15 სექტემბერს წმიდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივანმა შეხვედრები გამართა ასევე  საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან. ამავე დღეს, სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანმა ყვავილების გვირგვინით შეამკო საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.

საქართველოს მხრიდან ყველამ მადლობა გადაუხადა ვატიკანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდაჭერისათვის. ასევე, მადლიერება გამოხატეს იმ ჰუმანიტარული საქმიანობისათვის, რომელსაც ვატიკანი ეწევა კარიტასის ორგანიზაციის მეშვეობით, საუბარია, სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის, უსახლკარო ბვშვებისა და გაჭირვებაში მყოფი სხვა მოქალაქეების დახმარებაზე, მიუხედავად მათი ეროვნული კუთვნილებისა და რელიგიური მრწამსისა.  თავის მხრივ, ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ ვატიკანი დიდად აფასებს საქართველოსთან მეგობრულ ურთიერთობას და კვლავაც განაგრძობს მის მხარდაჭერას. მხარეებმა საზოგადოების განვითარებაში რელიგიის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. შეხვედრის ბოლოს ჩვენი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებმა რომის პაპი ფრანცისკე მოიწვიეს საქართველოში.

16 სექტემბერს, მონსინიორ მამბერტი საოკუპაციო ხაზთან არსებული მდგომარეობის ადგილზე გაცნობის მიზნით, სოფელ ხურვალეთს ეწვია, სადაც ის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. 

ვიზიტის ფარგლებში, მთავარეპისკოპოსი მამბერტი მცხეთას ეწვია, სადაც ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი მოინახულა. წმიდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივანი ასევე ეწვია ეროვნულ მუზეუმს და ოქროს ფონდი დაათვალიერა.