Arrow
Arrow
Slider

ერთნი ქრისტეში

ბუქარესტი, რუმინეთი - შენს ქვეყანაში წარმოადგენდე უმცირესობას - ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარტო ხარ და გვერდით არავინ გიდგას; ამაში ჩვენ რუმინეთში გატარებულმა დღეებმა დაგვარწმუნა.

 

22 აგვისტოს საქართველოს სხვადასხვა სამრევლოს ოთხი წარმომადგენელი, მამა ტომაშთან ერთად, გავემგზავრეთ რუმინეთში, სადაც ჩატარდა სემინარი თემაზე „ ჩვენს გულებში, ჩვენს დედამიწაზე“ (In our hearts, on our earth); შეხვედრის ორგანიზატორი იყო ორგანიზაცია Catholic Action, რომელმაც რუმინეთში კარმელელ მამათა მონასტერში შავი ზღვისპირა ქვეყნების წარმომადგენლები დაპატიჟა.

ჩასვლისთანავე ვიგრძენით მასპინძლების სითბო, სამი ახალგაზრდა მოძღვართან ერთად დაგვხვდა აეროპორტში და მონასტერში წაგვიყვანეს. ჩვენი ჯგუფი ერთი დღით ადრე ჩავიდა და მეორე დღეს მასპინძლებმა დედაქალაქის დასათვალიერებლად დაგვპატიჟეს. საღამოს შეხვედრის სხვა მონაწილეებიც შემოგვიერთდნენ: უკრაინის, რუმინეთის, ბულგარეთის, მოლდავეთისა და იტალიის წარმომადგენლები. მოწვეულნი იყვნენ თურქეთისა და რუსეთის წარმომადგენლებიც, მაგრამ მათ, სამწუხაროდ, ჩამოსვლა ვერ მოახერხეს. შეხვედრა ვახშმით დასრულდა.

დღეები დატვირთული იყო სემინარებით, პრეზენტაციებით, მაგრამ გვქონდა დრო სხვადასხვა ტაძრების მოსალოცად და ქვეყნის ღირსშესანიშნაობათა დასათვალიერებლად. 24 აგვისტოს ყველა ქვეყნის წარმომადგენელმა გააკეთა პრეზენტაცია თავისი ქვეყნის ისტორიის, მათ ქვეყანაში კათოლიკური ეკლესიისა და კათოლიკე ახალგაზრდების შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენც წარმოვადგინეთ პრეზენტაცია - ჩვენი ქვეყნის ისტორია, კათოლიკური ეკლესია საქართველოში, ქართველი კათოლიკე ახალგაზრდების ცხოვრება და მათი აქტივობები. საინტერესოა, როდესაც ისმენ, როგორ ცხოვრობენ სხვა ქვეყნებში კათოლიკე ახალგაზრდები, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენენ, გაქვს საშუალება მოისმინო მათი სირთულეების შესახებ და, ასევე, გაუზიარო მათ საკუთარი გამოცდილება. შეხვედრის ფარგლებში მოვისმინეთ საინტერესო სემინარები თემებზე: „მშვიდობა და მრავალმხრივი კულტურა ჩვენს გულებში“, „შავი ზღვის რეგიონის პანორამა“, "წადი, ნუ შეშინდები და ემსახურე". ჯგუფებში ვმუშაობდით თემაზე: „შავი ზღვის ქვეყნების კათოლიკე ახალგაზრდების ოცნებები“; ასევე, ვადგენდით გეგმებს კრაკოვში 2016 წელს მსოფლიო ახალგაზრდების შეხვედრასთან დაკავშირებით.

26 აგვისტოს გავემგზავრეთ ზღვისპირა ქალაქ კონსტანცაში, იქ გვიმასპინძლა კონსტანცას კათოლიკურმა სამრევლომ და გაგვაცნო ქალაქის ისტორია, მოგვეცა ქალაქში გასეირნებისა და ზღვაზე გასვლის საშუალება. მიუხედავად იმისა რომ განვსხვავდებოდით ეთნიკური წარმოშობის, ტრადიციებისა და მენტალიტეტის მიხედვით, არ გვიგვრძვნია უცხოობა, ამ დღეების განმავლობაში ვცხოვრობდით, როგორც ერთი დიდი ოჯახი ქრისტეში. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ უფალს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ შეხვედრის ორგანიზებაში მონაწილეობდა და, ასევე, შეხვედრის ყველა მონაწილეს ამ ლამაზი დღეებისათვის, იმ გამოცდილებისათვის, რაც ჩვენ იქ ყოფნის დროს მივიღეთ.

ბელა აფრიამაშვილი,
ნათია ფეიქრიშვილი, სოფია რჯოიანი,

ოთარ მღებრიშვილი, მ. ტომაშ ვრონსკი