მოკლე, თუმცა დაუვიწყარი ვიზიტი

ვატიკანი  სხვადასხვა დროს მრავალი ადამიანი მიმეორებდა: კი მაგრამ თქვენ, მამა ჯუზეპე, ჯერ კიდევ არ წასულხართ პაპ ფრანცისკესთან შესახვედრად? სიმართლე რომ ითქვას, დიდი ხანია ძალიან მინდოდა მასთან შეხვედრა. იგი ისეთი პიროვნებაა, რომელთანაც ბევრს უნდა შეხვედრა. 28 მაისს, რაკი იტალიაში ვიყავი, შემთხვევით ვისარგებლე და წავედი წმიდა პეტრეს მოედანზე საერთო აუდიენციაზე მასთან შესახვედრად. მოედანი მთლიანად სავსე იყო ხალხით და აუდიენციამდე პაპმა ავტომობილით თითქმის ერთი საათის მანძილზე, მრავალი გაჩერებით, მოიარა მოედანი, რათა მისალმებოდა იმ ადამიანებს, რომლებიც მას ელოდებოდნენ. გულში ვამბობდი,  ნამდვილად მოუღლელი ადამიანია-მეთქი!

იერუსალემში უმნიშვნელოვანესი მოგზაურობიდან ახალი დაბრუნებული იყო. მოისურვა, თავის მოკლე სიტყვაში  ეს მოვლენა გულიდან ამოხეთქილი ორი აზრით აღენიშნა: ეკლესიის ერთიანობა და მშვიდობა.

“ამ მომლოცველობის მთავარი მოტივი, - იხსენებდა პაპი ფრანცისკე, - იყო იმ ისტორიული შეხვედრის 50 წლისთავის აღნიშვნა, რომელიც გაიმართა პაპ პავლე VI-სა და პატრიარქ ათენაგორას შორის. ეს წმ. პეტრეს მემკვიდრის პირველი ვიზიტი იყო წმიდა მიწაზე: ამგვარად დაიწყო პაპმა პავლე VI-მ, ვატიკანის II კრების განმავლობაში, პაპების იტალიის გარეთ მოგზაურობების თანამედროვე ეპოქა. რომის ეპისკოპოსისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქის იმ წინასწარმეტყველურმა ჟესტმა საძირკველი დაუდო ყველა ქრისტიანის ერთობის არა იოლ, მაგრამ იმედისმომცემ გზას. ამიტომ ჩემი და მისი უწმიდესობა ბართლომეს, ქრისტეში საყვარელი ძმის, შეხვედრა ამ ვიზიტის კულმინაციას წარმოადგენდა.”

პაპმა გაიხსენა იესოს საფლავთან საერთო ლოცვა, ბერძენ-მართლმადიდებელ პატრიარქ თეოფილოს III-სთან და სომეხთა სამოციქულო პატრიარქ ნურჰანთან ერთად. “იმ ადგილას, სადაც გახმიანდა აღდგომის ხარება, აღვიქვით მთელი სიმწარე და ტანჯვა გაყოფისა, რომელიც კვლავ სუფევს ქრისტეს მოწაფეებს შორის”. და პაპმა განაგრძო: “ეს ძალიან მტკივნეულია, დიდი გულისტკივილია. კვლავაც დაყოფილნი ვართ! მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ძმობით, პატივისცემითა და სიყვარულით დატვირთულ იმ ლიტურგიულ მსახურებაზე მოვისმინეთ აღმდგარი კეთილი მწყემსის ძლიერი ხმა, რომელსაც უნდა ყველა თავისი ცხვარი ერთ ფარაში შეკრიბოს; შევიგრძენით სურვილი ჯერ კიდევ ღია იარების განკურნებისა და სრული თანაზიარებისაკენ მტკიცე სიარულისა.”

 

 და აქ, პაპმა ფრანცისკემ სპონტანურად დაამატა: “კიდევ ერთხელ, ჩემი წინამორბედი პაპების მსგავსად,  მეც მინდა პატიება ვითხოვო იმ ყველაფრის გამო,   რითაც ხელი შევუწყეთ ამ დაყოფას და ვთხოვ სულიწმიდას, განკურნოს ის იარები, რომლებიც სხვა ძმებს მივაყენეთ. ყველანი ძმები ვართ ქრისტეში, პატრიარქი ბართლომე და მე მეგობრები და ძმები ვართ, გავიზიარეთ სურვილი ერთად სიარულისა, ვაკეთოთ ყველაფერი, რაც დღეიდან შეგვიძლია გავაკეთოთ: ერთად ლოცვა, ერთად მუშაობა ღმერთის ფარისათვის, მშვიდობის ძიება, გარემოს დაცვა, ბევრი რამ, რაც საერთო გვაქვს. და როგორც ძმებმა, ერთად უნდა ვიაროთ წინ”.

 

შემდეგ პაპი ამ მომლოცველობის მეორე მიზანსაც შეეხო, “მშვიდობისაკენ სავალი გზის” ხელის შეწყობა, რომელიც, როგორც აღნიშნა, არის “ერთსა და იმავე დროს ღმერთის საჩუქარიც და ადამიანის ძალისხმევაც”. “იორდანიაში, პალესტინაში, ისრაელში ვეცადე ამას, და მუდამ ვცდილობდი ხელი შემეწყო მშვიდობისათვის, როგორც მომლოცველს, ღმერთისა და ადამიანის სახელით, ვატარებდი რა გულით დიდ თანაგრძნობას იმ მიწის შვილებისადმი, რომლებიც უკვე დიდი ხანია ომთან ერთად თანაცხოვრობენ და აქვთ უფლება ბოლოსდაბოლოს იგემონ მშვიდობის დღეები! ამისათვის ქრისტიან მორწმუნეებს მოვუწოდე ღია და დამყოლი გულით მიეღოთ სულიწმიდის ცხებულება, რათა მუდამ უფრო მეტად გახდნენ შემძლენი შერიგების, ძმობისა და თავმდაბლობის საქმეებისა”. “თავმდაბლობა, ძმობა, შერიგება”: სულიწმიდა გვაძლევს უნარს, რათა ყოველდღიურ ცხოვრებაში განვახორციელოთ ეს საქმეები, სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ადამიანებთან ერთად,  და ასე გადავიქცეთ მშვიდობის მაშენებლებად. მშვიდობა შენდება ხელდახელ. არ არსებობს მშვიდობის მწარმოებელი ქარხანა, არა. ყოველდღიურად შენდება ხელოსნობით და გახსნილი გულით, რათა ღვთის ნიჭი მივიღოთ”. ღიმილი მომგვარა გამოყენებული შედარების მიმზიდველობამ: “არ არსებობს მშვიდობის მწარმოებელი ქარხნები... არამედ მხოლოდ სახელოსნოები”.

პაპის საუბრის განმავლობაში განცვიფრებული ვიყავი, აბსოლუტური უბრალოებით  მნიშვნელოვანი და დიდი რამეების გადმოცემისა და მსმენელის გულამდე მიტანის  მისი უნარით. ვფიქრობდი, რომ ვისაც გულში აქვს რაიმე, მხოლოდ მას შეუძლია მისი მიტანა სხვის გულებამდე! აი, ეს ძალა იყო, რომელიც პაპი ფრანცისკეს სიტყვებში იგრძნობოდა. . . არცერთი სიტყვა არ ითქვა გარემოების გამო, არამედ მისი გულიდან გამოდიოდა, რათა ეპოვა ადგილი მეორე გულში, მისი მსმენელის გულში.

            შემდეგ ხანმოკლე, მაგრამ უძლიერესი წუთები მასთან: წარვუდგინე საქართველოში ჩვენი ეკლესია  და დავარწმუნე, რომ ერთობის თემა, რომელიც მის გულშია, ასევე ჩვენი ეკლესიის ძალისხმევათა ცენტრშია, მას ვუთხარი, რომ რახან “პერიფერიაში” ვართ, შეეძლო ვიზიტით გვსტუმრებოდა, როდესაც მიიჩნევდა ამას ხელსაყრელად, რომ მომქონდა ყველას, მღვდლების, ბერ-მონაზვნებისა და მორწმუნეების ლოცვები და მოკითხვები. ღიმილით დამემშვიდობა ამ სიტყვებით: “ეცადე, კარგად იყო. . . დამიჯერე!” შემდეგ გააგრძელა ხალხის მისალმება, განსაკუთრებით ჩერდებოდა ავადმყოფ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან. მოუღლელი და მომღიმარი!

 

ეს მოკლე ვიზიტი იყო. . . მაგრამ დაუვიწყარი!