მოწოდებულთა შეხვედრა

 

ორპირი  ამა წლის 6-9 ივნისს ჩატარადა მოწოდებულთა შეხვედრა ორპირში. მასში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა ბიჭებმა თბილისის, ვალეს, არალის, ქუთაისისა და ოზურგეთის სამრევლოებიდან. შეხვედრას, რომლის თემა იყო სულიწმიდა და მისი მოქმედება ჩვენს ცხოვრებაში, უძღვებოდნენ მამა პიერ დიუმულენი და მამა აკაკი ჭელიძე.

შევიკრიბეთ უბისის ტაძართან, დავათვალიერეთ ის, ვისადილეთ და ორპირისკენ მიმავალ გზას დავადექით. ადგილზე ჩასულებმა, ცოტა დავისვენეთ და მერე სამადლობელ წმიდა წირვაში მივიღეთ მონაწილეობა. საღამოს ყველა ერთად შევიკრიბეთ პირველ კონფერენციაზე, რომელსაც უძღვებოდა სემინარისტი თამაზი. კონფერენციის თემა იყო მირონცხება.

მეორე დღეს მარტვილის კანიონისაკენ გავემგზავრეთ. იქ მისულებს, გასაოცარი ბუნება გადაგვეშალა თვალწინ. ბუნების სილამაზე იმაზე მიგვანიშნებდა, რომ ღმერთს ძალიან ვუყვარვართ და ჩვენთვის ყოველივე საუკეთესოს ქმნის, რომ მას მუდამ შეუძლია ჩვენი გაოცება. კანიონიდან საღამოს დავბრუნდით და დავიწყეთ მზადება სულთმოფენობის დღესასწაულის ღამის წირვისთვის, წირვა თითქმის 3 საათს გაგრძელდა; ეს იყო უმშვენიერესი მომენტი ჩვენს ცხოვრებაში.

მესამე დღე ყველაზე განსაკუთრებული იყო, რადგან აღინიშნებოდა სულთმოფენობის დიდი დღესასწაული. დილით ჩატარდა კონფერენცია, რომელსაც მამა პიერი უძღვებოდა. მან კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ სულიწმიდა გვჭირდება, როგორც ჰაერი და წყალი, მის გარეშე უსუსური და უძლურნი ვართ. კონფერენციის შემდეგ გავემგზავრეთ ქუთაისში, სადაც დავესწარით წმიდა წირვას, შემდეგ კი დავბრუნდით ორპირში და მივიღეთ განსაკუთრებული დავალება: წაგვეკითხა ბიბლიიდან მონაკვეთები სულიწმიდის შესახებ და გარკვეულ დროში გვეპოვა ის სიტყვები, რომელებიც ჩვენდამი იყო მომართული. ამავდროულად, მიმდინარეობდა შეხვედრები მამა პიერთან და მამა აკაკისთან. საღამოს კიდევ ერთი კონფერენცია ჩატარდა, რომელსაც უძღვებოდა სემინარისტი კოტე აკოფაშვილი. კონფერენციის თემა იყო სულიწმიდის მოქმედება საეკლესიო საიდუმლოებებში, რომლებშიც ქრისტიანები იღებენ მონაწილეობას. წინ გველოდა მთავარი და უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, ევქარისტიის თაყვანისცემა, რომელიც ღამის ათი საათიდან დილის რვა საათამდე გაგრძელდა; ყოველმა ჩვენგანმა თითო საათი დაყო პირისპირ იესოს წინაშე და ესაუბრებოდა იმ მოწოდებაზე, რომელსაც სჭირდება განმტკიცება და გაძლიერება, ასევე, მადლობას უძღვნიდა ყოველივესთვის.

ბოლო დღე წირვით დაიწყო, შემდეგ იყო შემაჯამებელი შეხვედრა და ყველა თავისი სამრევლოსკენ გაეშურა. მადლობა ღმერთს, ამ უმშვენიერესი დღეებისათვის.

სემინარისტი კოტე აკოფაშვილი