Arrow
Arrow
Slider

სიმპოზიუმი ბიოეთიკაში

თბილისი  მიმდინარე წლის 7, 8 და 9 მაისს თბილისში, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს საპატრიარქოს, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციისა და წმ. თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის

ერთობლივი ძალისხმევით, ჩატარდა საერთაშორისო სიმპოზიუმი ბიოეთიკაში. ბიოეთიკაში საერთაშორისო ფორუმების ჩატარების ტრადიციას სათავე 2008 წელს ჩაეყარა, მაშინ სიმპოზიუმების ორგანიზატორებად რელიგიათმცოდნეთა კავშირი, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თეოლოგიის ინსტიტუტი და სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გვევლინებოდნენ; 2011 წლიდან ამიერკავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის და საქართველოს საპატრიარქოს თანამშრომლობით გაგრძელდა ბიოეთიკაში ერთობლივი ინტერკონფესიული სამეცნიერო შეხვედრების მოწყობის ტრადიცია. წლევანდელი სიმპოზიუმი რიგით მეხუთეა. წელს სიმპოზიუმის თემა გახლდათ “ოჯახი გლობალურ სივრცეში: ბიოეთიკური კონტექსტი”.

სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღო თხუთმეტმა მომხსენებელმა. მეცნიერები, სასულიერო პირები და დარგის სპეციალისტები მოწვეულები იყვნენ იტალიიდან, საფრანგეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან. რაც შეეხება დამსწრეთა სპექტრს, იგი საკმაოდ მრავალფეროვანი და წარმომადგენლობითი გახლდათ - მართლმადიდებელი და კათოლიკე მღვდელმთავარნი და მღვდელ-მონაზონნი, კათოლიკე და მართლმადიდებელი სამრევლოების წარმომადგენლები, სამედიცინო სფეროს მეცნიერ-მუშაკები და პრაქტიკოსი ექიმები, ბიოეთიკოსები, ოჯახის დაგეგმვის საკითხებზე მომუშავე ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციის ინერ-ჯორჯიას წარმომადგენლები ქუთაისიდან და, უბრალოდ, ქრისტიანული ინტერკონფესიული შეხვედრით დაინტერესებული პირები.

სიმპოზიუმი გახსნეს და დამსწრეთ მონაწილეები წარუდგინეს საქართველოს საპატრიარქოს ბიოეთიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბიოეთიკის დოქტორმა წმ. თამარ მეფის სახ. უნივერსიტეტის დამფუძნებელმა და რექტორმა არქიმანდიტრმა მამა ადამ ახალაძემ და დასავლეთ საქართველოს კათოლიკე ეკლესიის ვიკარიუსმა. შემდეგ საქართველოს საპატრიარქოს სახელით, მისალმება წაიკითხა გორისა და სამთავისის ეპარქიის მმართველმა, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ მეუფე ანდრიამ, ხოლო ლათინური წესის კათოლიკეთა სახელით, დამსწრეთ მიესალმა ამიერკავკასიაში ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, მეუფე ჯუზეპე პაზოტო.

ვრცლად იხილეთ ჟურნალ საბას ივნისის ნომერში