Arrow
Arrow
Slider

ცენტრ „ტალითა კუმის“ კურთხევა

ახალციხე   ჟურნალ „საბას” 2013 წლის ნოემბრის ნომერში დაიბეჭდა და მარი ნოელის წერილი „ტალითა კუმის“ პატარა ისტორია“, სადაც მოთხრობილია, თუ როგორ და რა პირობებში შეიქმნა ქ. ახალციხეში უნარშეზღუდულთა ცენტრი „ტალითა კუმი“. და აი, 2014 წლის 8 მარტს ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა,

რომელიც აკურთხა ჩვენმა ეპისკოპოსმა მეუფე ჯუზეპე პაზოტომ. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამოსული პროექტის დონორი ორგანიზაციის მალტელთა ორდენის წარმომადგენლები.

 

ეს დღე ორგანიზებული იყო ცენტრის ანიმატორებისა და მამა პავლეს, წმ.კამილოსა და წმ.ნინოს დების მიერ, მოწვეული იყვნენ ბენეფიციართა ოჯახები, მთავრობის ადგილობრივი წარმომადგენლები, სასულიერო პირები მართლმადიდებელი და სომხური ეკლესიებიდან, თბილისის უნარშეზღუდულთა ცენტრის წევრები, წმ.კამილოს ბერები, კათოლიკე სასულიერო პირები და ახალციხელი მეგობრები. სტუმართა შორის იყო გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი და ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი. ცერემონიის დასაწყისში მობრძანებულ სტუმრებს მიესალმა ცენტრის ხელმძღვანელი მამა პავლე დილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა სპონსორებს აღმოჩენილი დახმარებისათვის, ასევე, მამა ჯუზეპესა და ყველა ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ ცენტრის დაარსებასა და ამოქმედებაში. სამადლობელი სიტყვებით მიმართა სპონსორებს ასევე და მარი ნოელმა, რომელმაც ცენტრის მნიშვნელობასა და მის მისიაზე გააკეთა აქცენტი. სპონსორი ორგანიზაციის სახელით, ცენტრის ეზოში შეკრებილებს მიესალმა კრისტოფერ შვეგმანი, რომელმაც მოკლედ ისაუბრა მალტელთა ორდენისა და მისი საქმიანობის შესახებ, სიხარული გამოხატა ცენტრის დაარსებაში მონაწილეობის მიღების გამო და იმედი გამოთქვა, რომ ბენეფიციარებისთვის ეს ცენტრი მათი ცხოვრების გამახალისებელი იქნება. შემდეგ გაიჭრა ლენტი და იკურთხა ცენტრი. ბენეფიციარებმა წარმოადგინეს პატარა კონცერტი, სტუმრები აღტაცებულები იყვნენ ნანახით, ახალგაზრდები ცდილობდნენ ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვით მოეწონებინათ მათთვის თავი. ბენეფიციარებმა, კონცერტის დასასრულს, სტუმრები საკუთარი ხელით დამზადებული ნივთებით დაასაჩუქრეს. დღესასწაული დასრულდა მშობლებისა და ანიმატორების მიერ მომზადებული სუფრით.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალირებინათ საგანგებოდ მოწყობილ ოთახში გამოფენილი ბენეფიციართა ხელით დამზადებული ნივთები. სტუმრებიცა და ბენეფიციარებიც კმაყოფილები იყვნენ. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ოთხწლიანი მუშაობის შედეგად ისინი ძალიან შეიცვალნენ, მათ აღარ აქვთ საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპლექსი, როგორც ადრე, და ახლა თამამად ცდილობენ თავიანთი ცოდნის გამომჟღავნებას. მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველას, ვინც ხელი შეუწყო ცენტრის დაარსებასა და განვითარებას: მამა ჯუზეპეს, მამა ზურაბს, მამა პავლეს და წმ.ნინოს დებს.

მელანო ჩილინგარაშვილი