გილოცავთ აღდგომას!

ზოგჯერ გვიჭირს ადამიანებისთვის აღდგომის მილოცვა... მაგრამ, როცა მილოცვა გვიძნელდება, სწორედ მაშინ ვგრძნობთ საჭიროებას, ვუთხრათ ეს სიტყვები სხვებს და შემდეგ თავადაც მოვისმინოთ ისინი. სად შეიმჩნევა დღეს იმის ნიშნები, რომ ქრისტე მკვდრეთით აღდგა?

 

აქ, საქართველოში, ახალი ამბების ყურებისას, თითქოს ნაწილებად დაყოფილი, ერთი გაბმული გზავნილის მოწმეები ვხდებით – ეს უიმედობის, გადაუჭრელი პრობლემების, განზრახული შურისძიების, პესიმისტური ანონსების გზავნილია. სად გაქრა იმედი? თუ საქართველოს გავცდებით, დანარჩენ მსოფლიოში ვითარება კიდევ უფრო ტრაგიკულია... უკრაინაში განვითარებული მოვლენები ალესილი მახვილია, რომელიც გულს გვისერავს, ყველასგან მივიწყებულ აფრიკაში შიმშილი და ომი მძვინვარებს, სირიასა და ახლო აღმოსავლეთში ნგრევისა და განადგურების უწყვეტი ქრონიკა იწერება, ინდონეზიაში ქრისტიანები მოწამებრივი სიკვდილით დაღუპულ ქრისტიანებს გლოვობენ. ამგვარად, სია უსასრულოდ გრძელდება...

დიახ! იესოს მიერ სამარხში გატარებული სამი დღე ხშირად სამყაროს მარადიულ რეალობად გვეჩვენება... და, მაინც, ჩვენ საყვირის ხმაზე უფრო ძლიერი ამბავი გვეხარა: “ქრისტე მკვდრეთით აღდგა, სამარხი ცარიელია!” – სწორედ ეს ამბავი განაახლებს იმედს, რომელიც გვიჩვენებს, რომ სიკვდილს, ბოროტებას, ეგოიზმს, ძალადობას არ ეკუთვნის უკანასკნელი სიტყვა. ეს ამბავი გვიხსნის სარკმელს სამყაროსკენ, რომელიც აქ ჰპოვებს თავისი არსებობის მიზეზს და არის მოხალისეობის, სოლიდარობის, გაზიარების, გაღების, გულუხვობისა და გულმოწყალების სამყარო! ეს არის სამყარო, რომელიც მდუმარედ, ზოგჯერ შეუმჩნევლად ამკვიდრებს სიცოცხლის ტრიუმფს! ეს არის სამყარო, რომელიც შობს სიცოცხლეს! ეს აღდგომის სამყაროა. ირგვლივ მიმოიხედე, დააკვირდი, სად ყვავის სიცოცხლე. ჰკითხე შენს თავს: სად არის მკვდრეთით აღდგომის, განახლების ნიშნები ჩემს ოჯახში? ჩემს სამუშაო ადგილას? ჩემს ეკლესიაში? ეშმაკს სურს, რომ შენ მხოლოდ იმ ლოდზე იფიქრო, რომელიც სამარხის შესასვლელს კეტავს, მას სურს, იფიქრო, თითქოს ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა მხოლოდ ზღაპარი ან წარსული ამბავია, რომელსაც კავშირი არ აქვს შენს ცხოვრებასთან, მაგრამ... გაახილე თვალი, ნუ იტყვი იმ ქალებივით სახარებიდან, “ვინ მოაშორებს ლოდს სამარხის შესასვლელს?”, რადგანაც ის ლოდი იქ აღარ არის, ის უკვე გადაგორებულია. სიკვდილი დამარცხდა და შენ იცი, რომ მკვდრეთით აღდგომა შესაძლებელია! 

რწმენითა და მადლიერებით აღვსილმა, მსურს, მივაწვდინო ეს ჩემი მილოცვა მათ, ვისაც სწამს მკვდრეთით აღდგომა, ვისაც სწამს, რომ სიცოცხლეს სიკვდილის დამარცხება შეუძლია, ვინც სიცოცხლის ნიშნებს კონკრეტული ჟესტებით ამკვიდრებს: მათზე ვფიქრობ, ვინც კურნავს სნეულებს, ვინც ეხმარება ღარიბებს, ვინც რწმენას უბრუნებს იმედდაკარგულებს, ვინც აცხადებს სახარებას, როგორც გამათავისუფლებელ ძალას, ვინც დარწმუნებულია, რომ სიყვარულს ძალუძს ეგოიზმის დამარცხება, ვინც ერთგულია თავისი ქრისტიანობისა მაშინაც, როცა მას დაბრკოლებები და წინააღმდეგობა ხვდება წინ... შენზე ვფიქრობ.

შენ მინდა გითხრა: მადლობა, რომ ხარ იმედის ნიშანი, ნიშანი, რომელიც მიუთითებს, რომ “შესაძლებელია ქვის ლოდის გადაგორება სამარხის შესასვლელიდან.” მადლობა, რომ მოდიხარ ჩემთან, იმ ადამიანებთან ერთად, ვინც უფალმა გარგუნა შენს სიახლოვეს. არასდროს დაგღალოს მკვდრეთით აღდგომის რწმენამ... არასდროს დაგღალოს სიცოცხლის რწმენამ, ყოველ სიკვდილსა და ცოდვაზე ქრისტეს გამარჯვების რწმენამ, არასდროს დაგღალოს რწმენამ, რომ ყოველივე გაივლის, მაგრამ სიყვარული, სიყვარულის ყოველი შენი ჟესტი სამარადისოდ დარჩება! ჩვენ ყველას გვესაჭიროება შენი რწმენა და მაგალითი.

შენ და თქვენ, ყველას, გიგზავნით გულითად კურთხევას, ჩემს სააღდგომო მილოცვას: “ქრისტე აღდგა. დიახ! ჭეშმარიტად აღდგა!”

 

ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა 
სამოციქულო ადმინისტრატორი
+ მ. ჯუზეპე პაზოტო